მეუფე შიო - 43-ე წელია, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც სულიერი მამა - მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ

მეუფე შიო - 43-ე წელია, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც სულიერი მამა - იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა შიომ მრევლს კვირა დღე, წმინდათა მამამთავართა დღე მიულოცა.

მეუფე შიომ ისაუბრა წმინდა სახარებაში ამ დღესთან დაკავშირებით მოთხრობილი იგავის საქორწილო ნადიმის შესახებ.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო მამებო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ კვირა დღეს, წმინდათა მამამთავართა დღეს.

წმინდა სახარებაში ამ დღესთან დაკავშირებით მოთხრობილი იყო იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ.

უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს და გადმოგვცემს, თუ როდენ დიდი და უსაზღვროა უფლის ჩვენდამი სიყვარული. ეს სიყვარული იმდენად დიდია, რომ იგი ამ სიყვარულს გადმოსცემს საქორწილო სუფრის, ნადიმის მაგალითით, იგავით; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში – ეს არის შვილის ქორწილი, ის ბედნიერება, რომელიც ქორწინებას მოაქვს და აი, ამით გვაჩვენებს უფალი, რაოდენ ვუყვარვართ და რომ ყველას მოგვიწოდებს ღმერთი.

ამ ნადიმში იგულისხმება, როგორც მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, ცხოვრება უფალთან ერთად, ასევე – წმინდა ევქარისტია, ზიარების საიდუმლოება, რომელიც აღესრულება ეკლესიებში, რომლის მომსწრენი და დამსწრენიც ვართ ჩვენ დღეს და რომლის დროსაც ჩვენ ვეზიარებით უფალ იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ვუერთდებით იმ დიდ საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა, როდესაც განტეხა პური, მისცა თავის მოციქულებს და მას შემდეგ ეს წმინდა პური და წმინდა სისხლი – მისი ხორცი და სისხლი – განიტეხება მარადიულად და ჩვენ მას ვეზიარებით.

უფალი მოუწოდებს ადამიანებს, რომ მან შექმნა ეს სამყარო სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ ვეზიაროთ და ვიყოთ მონაწილენი ამ დიდი სიხარულისა.

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს, რაოდენ უმადურია ადამიანი, რაოდენ სასტიკ უარს აწყდება ღმერთი ამ მოწოდების შემდგე. ბოლოს იგავი მეტად მძიმე სიტყვებით სრულდება: „ბევრნი არიან მოწვეულნი, ჩინებულნი, მაგრამ მცირედნი – რჩეულნი“, მცირედნი პასუხობენ მას.

უფალი აგზავნის თავის მსახურებს, იწვევს ყველას და პატიჟებს. ერთნი ეტყვიან, რომ მიწა შეიძინეს: „ეს მიწა უნდა დავამუშაოთ, მოვიხილოთ, გვაპატიე, გლოცავთ და ბოდიშს ვიხდით, მაგრამ ვერ მოვალთ“.

ხშირად ჩვენც ასე გვემართება, როცა უფალი გვიწვევს და გვეძახის; ჩვენც ვცდილობთ, უფრო მიწიურს, მიწიურ ღირებულებებს მივეჯაჭვოთ და თითქოს ვეუბნებით უფალს, რომ მიწა არის ჩვენი, ჩვენ მიწაზე დავიბადეთ, აქ უნდა გარდავიცვალო, ჯერ არ გვცალია ზეციურისთვის. ამიტომ ვცდილობთ, იმდენად დავმკვიდრდეთ დედამიწაზე, რომ არაფერმა შეგვარყიოს.

მეორენი ეტყვიან: „ხუთი უღელი ხარი ვიყიდეთ, უნდა ვნახოთ, მივიდეთ, გვაპატიე, ვერ მოვალთო“. ყველა ძალიან ზრდილობიანად ამბობს უარს.

„ხუთი უღელი ხარი“ თხრობის იგავური ფორმაა. ეს შეიძლება იყოს მთელი ჩვენი საქმიანობა, მთელი შრომა ადამიანისა. ადამიანი ამბობს: „მე უნდა ვიშრომო, ბევრი საქმე მაქვს, ჯერ არ მცალია შენი ნადიმისა და სასუფევლისთვის, კვალი უნდა დავტოვო დედამიწაზე“.

მიწა და ხარი მხოლოდ მცირედი მაგალითებია, რომლებიც შეიძლება განვავრცოთ და მათში ვიგულისხმოთ ჩვენი პირადი საქმეები, სამეცნიერო თუ სახელოვნებო საქმიანობა, ბიზნესი თუ ნებისმიერი რამ, რის გამოც შეიძლება უარი ვუთხრათ უფალს, ვუთხრათ, რომ ოდესმე, მომავალში, სიბერის ჟამს მოვიქცევით, მაგრამ ახლა ადრეა, ჯერ აქ, დედამიწაზე, ბევრი საქმე გვაქვს.

მესამენი ეტყვიან, რომ დავქორწინდით და არ გვცალიაო.

ეს იგავი გვასწავლის, რომ როცა უფალი მოგვიწოდებს, ჩვენ ვპოულობთ დედამიწაზე ისეთ საქმიანობას, რომლის გამოც ვერ ვიცლით ღვთისთვის; ისეთ სიყვარულს (როგორც იგავში, ქორწინება ვისაც ჰქონდა) – პირად სიყვარულს, რომელიც გვავიწყებს ღმერთს და ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე ღმერთის სიყვარული.

შემდეგ უფალი ამბობს, რომ მაშინ წადით და ყველას მოუწოდეთ, ვისაც ნახავთ ქუჩებში, უბნებში, ორღობეებში, ვინც კი არის ბრმა, მკელობელი, კეთროვანი, დაავდებული. ესეც ხატოვანი გამოთქმაა და ნიშნავს, რომ ღმერთი ამ საქორწილო ნადიმზე ყველას მოუწოდებს – კეთილსაც და ბოროტსაც.

ბოლოს უფალი ამბობს, რომ უარის მთქმელი მოწვეულნი გემოს ვერ ნახავენ ჩემი ნადიმისა, სასუფევლისაო. როგორც გითხარით, იგავი მთავრდება ამ სიტყვებით: „მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ“.

ეს ნიშნავს, რომ მცირედნი რჩეულნი არიან იმიტომ კი არა, რომ უფალი ირჩევს მცირეს, არამედ იმიტომ, რომ მცირედნი ღირსად მიიჩნევენ უფალს, რომ ყურადღება მიაქციონ, დაუთმონ დრო, სიყვარული და უარი თქვან თავიანთ პირადულ, ადამიანურ სიხარულზე.

საბოლო ჯამში, რას ვიღებთ, როცა ვითხოვთ მიწიურს და აქ დამკვიდრებას?

გვახსოვდეს ბიბლიის სიტყვები: „მიწა ხარ და მიწად იქცევი“.

საბოლო ჯამში, მიწა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, შემდეგ ყველაფერს უკან იბრუნებს. ეს ნაკვეთი ადამიანს გადაექცევა საფლავად; მისი შრომა, რომელიც ღმერთის გარეშეა და ღმერთს ავიწყებს, აღარავის ახსოვს ერთი-ორი თაობის შემდეგ. როგორც წესი, ასეა და ის სიყვარულიც, რომელიც ღვთის გარეშე არსებობს, დავიწყებას ეძლევა, ხშირად სიძულვილში გადადის და ჩვენ ამას ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში.

„მცირედნი არიან რჩეულნი“ – ვიმეორებ, ეს მათზეა, ვინც ღირსად მიიჩნევს ღმერთს, რომ ყურადღება მიაქციოს. უნდა დავფიქრდეთ, ვინ ვართ, როგორნი ვართ დღეს, ვპასუხობთ თუ არა ღმერთს ამ მოწოდებაზე? საკმარისია, ვუპასუხოთ ამ სიყვარულით, რომ უფალი მიგვიღებს საქორწილო სერობაზე, მარადიულ ნადიმზე.

აი, ამას მოგვითხრობს დღევანდელი სახარება. ეს სწავლება გვეძლევა უფლისგან და ჩვენზეა დამოკიდებული მისი აღსრულება.

იგავში ასევე არის შემდეგი სიტყვები: „უფალი ბრძანებს, რომ ვინც უარს იტყვის, ჩააგდეთ იგი ბნელსა შინა გარესკნელსა, სადაც არის ტირილი და ღრჭენა კბილთა “.

ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული, სად გვინდა, აღმოვჩნდეთ და ვიყოთ – სადაც არის „გარესკნელი ბნელსა შინა“, თუ ძე ღმერთის მარადიულ ნადიმზე სიხარულის წევრნი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“,- აღნიშნა მან.

მიტროპოლიტმა დღევანდელ ქადაგებაში ასევე აღნიშნა, რომ 43-ე წელია, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მიუძღვის ერს, როგორც სულიერი მამა და სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, რაზეც საუბარი იყო დღევანდელ სახარებაში.

„მინდა, დღეს კიდევ ერთი რამ გითხრათ.

თქვენ იცით, რომ 25 დეკემბერს ყოველთვის საზეიმოდ აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების დღეს, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, წელს ვერ მოხერხდა მღვდელმთავრების ჩამობრძანება და ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენთან ერთად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღე, რომელიც 2 დღის წინ იყო; მადლობა ვუთხრა მას დიდი ღვაწლისთვის. 43-ე წელია, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც სულიერი მამა და სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, რაზეც საუბარი იყო დღევანდელ სახარებაში. იგი უშურველად, მთელ თავის ცხოვრებას უთმობს სასუფევლის მოძიებას, როგორც იგავში ნახსენები მსახური, რომელიც მეუფემ ჩინებულთა დასაპატიჟებლად გაგზავნა.

ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი არის ეს ჭეშმარიტი მსახური და მონა უფლისა, რჩეული, გამორჩეული ჩვენი ერიდან, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ, ღმერთის საქორწილო ნადიმისკენ.

რა თქმა უნდა, მის უდიდეს მიღწევებზე დღეს, ამ წუთას, ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი თავისი არსებობით, ჩვენთან თავისი ურთიერთობით, თავისი დიდი სულიერებითა და მამობრივი სიყვარულით გვაგრძნობინებს უფალს. არის ხოლმე ცხოვრებაში წუთები, როდესაც ხვდები ისეთ ადამიანებს, რომელთან შეხებაც გაგრძნობინებს, რაოდენ ტკბილია უფალი, რაოდენ მადლიანია, რაოდენ დიდი სიხარული იქნებოდა ღმერთთან...

აი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამასაც გვაგრძნობინებს, გარდა იმისა, რომ მოგვიწოდებეს, ამითაც მოვყავართ ეკლესიაში მისი დიდი მოწყალებით დიდი ლმობიერებით, დიდი სიყვარულითა და სიბრძნით.

ასე რომ, ვუსურვოთ მას დღეგრძელობა მრავალჟამიერ მრავალსა წელსა!

ჩვენთან არს ღმერთი! ,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს