მამუკა ხაზარაძე - არჩევნების 2022 წელს ჩატარების სცენარს არსებობის უფლება აქვს და ამაზე მსჯელობა საჭიროა - პარტნიორობას სერიოზულ პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ გამოვთქვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა, 2021 წლის გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესში ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოპოზიცია არ ითხოვს არჩევნების მხოლოდ, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარებას, არამედ ითხოვს მის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

„მოდით რეალისტურად შევხედოთ სურათს, მოთხოვნა, რომ 2021 წელს არჩევნები იყოს ეს არის მთლიანი ოპოზიციის მოთხოვნა და ეს არ შეცვლილა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე ანუ ამ სქემას, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა დაეთანხმოს ხელისუფლება. ამისთვის ჩვენ გვაქვს ბერკეტები, ამისთვის ჩვენ არ შევედით პარლამენტში, ამისთვის ჩვენ ჩავხსენით სიები და ამისთვის ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. ახლა დამოკიდებულია რამდენ ხანს გაძლებს ერთპარტიული პარლამენტი და რამდენად სწრაფად მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ არის საჭირო. თუ ეს გაგრძელდა 2-3 თვე, მაშინ გაზაფხულზე არჩევნების ჩატარება მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, ტექნიკურად არ გამოვა ეს ყველაფერი, რეალისტები ვიყოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ 2021 წლის არჩევნებს არ ვითხოვთ, ეს შეთანხმებული პოზიციაა და ამას წყალი არ გაუვა, იმ ბოიკოტსაც წყალი არ გაუვა, რა ბოიკოტშიც ოპოზიცია ერთად არის, მაგრამ ადამიანებს ხომ უნდათ, რომ მოლაპარაკებებს დაგვასწარითო და პირდაპირი ეთერი იყოსო და როგორ შეიძლება, მე ჩემს ამომრჩეველსა და საზოგადოებას არ ვუთხრა ის თეორიული ვარიანტიც, რომელიც ასევე იმსახურებს განხილვას.

აქ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პროპორციულ არჩევნებზე. აქ ხომ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ კალენდარულად 2021-ში არ გამოვიდა, 2022-ში ჩავატაროთ იმავე სისტემით რა სისტემითაც დღეს ჩატარდა არჩევნები, აქ ლაპარაკია პრინციპულად ახალ სისტემაზე ანუ სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, „ქართული ოცნება“ რომ დასთანხმდეს არჩევნების 2022 წელს ჩატარებას, შევა თუ არა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მარტო, ოპოზიციის შეთანხმებული პოზიციის გარეშე არსად შევა, ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან ერთად არის მთელი რიგი სერიოზული მოთხოვნებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს.

„იქ არის რამდენიმე სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს, ეს არის პოლიტპატიმრების თემა, ეს არის საარჩევნო კოდექსისა და გარემოს სრული რეფორმა და ცვლილება, ეს არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და თუ ეს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს იქნება სრულად პროპორციული, მე ვფიქრობ ეს საკმაოდ სერიოზული მსჯელობის საგანია ოპოზიციურ სპექტრში. „ლელო“ მარტო არსად არ შევა, იმიტომ, რომ ეს ითხოვს საკონსტიტუციო ცვილებებს, რასაც „ლელოს“ შესვლა- გამოსვლა არ ჰყოფნის და მეორეც, ეს უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრის ერთიანი გადაწყვეტილება.

2022 წელს არჩევნების ჩატარების საკითხი მე გუშინ ეთერში გავაჟღერე და მივიჩნევ, რომ ამ ვარიანტს და ამ სცენარს აქვს არსებობის უფლება და მსჯელობა, ამასთან დაკავშირებით, საჭიროა, იმიტომ, რომ არ არის აქ საუბარი ერთი წლით გვიან არჩევნების ჩატარებაზე, საუბარია სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე.

მე პარტნიორობასა და თანამშრომლობას ძალიან სერიოზულ პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე, ჩემი აზრი და პოზიცია არ გამოვთქვა, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს ვიღაცას. ეს არის ჩემი ხედვა და ჩვენ ვსაუბრობთ წელიწადნახევრიან მონაკვეთზე, სადაც ორი სერიოზული არჩევნები შეიძლება ჩატარდეს - ეს არის ადგილობრივი არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით. თუ ეს იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. ასე რომ, უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვიდისკუსიოთ ამ ვარიანტზე და შესაბამისად, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, აქედან გამომდინარე, შემდეგ, უკვე ოპოზიცია ჩამოაყალიბებს თავის ერთიან მიდგომას ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა