თამარ გაბუნია - ვაქცინასთან დაკავშირებით მსოფლიოში უნდობლობის ხარისხი მაღალია - ჩვენი ქვეყანაც გამონაკლისი არ იქნება

ვაქცინასთან დაკავშირებით უნდობლობის ხარისხი იქნება მაღალი. ჩვენი ქვეყანაც გამონაკლისი არ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც კორონავირუსის ვაქცინაზე ისაუბრა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი შედეგის მიხედვით, მოსახლეობის 50% ამბობს, რომ დაინტერესდებოდა კორონავირუსის ვაქცინაციით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

„ ვაქცინა მნიშვნელოვანია და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დროზე მივიღოთ იქნება „კოვაქს“ პლატფორმა თუ ალტერნატიული გზები. ყველანაირ ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ვაქცინა, რაც შეიძლება ადრე მივიღოთ. რაც შეიძლება ადრე იქნება, მას შემდეგ, რაც ავტორიზაცია, ვაქცინების აღიარება მოხდება ევროპის და ამერიკის მარეგულირებლის მიერ. ვაქცინასთან დაკავშირებით უნდობლობის ხარისხი იქნება მაღალი. ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეხმარება, რომ გამოკითხვა ჩატარდეს. წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო, დაახლოებით 50% ამბობს, რომ დაინტერესდებოდა ვაქცინაციით, მაგრამ ეს წინასწარი შედეგია, მეტი მოკვლევა სჭირდება. ის რომ პოლიტიკური ლიდერი, ცნობილი ექიმი აკეთებს ვაქცინას საჯაროდ, როგორც ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ესეც გარკვეულწილად ნდობის ფაქტორია. თუ ეს ოდნავ სარისკოა, არც ექიმი და არც სხვა არ მოისურვებდა ამას. ჩვენ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რაც სხვაგან არსებობს. თუ საჭირო იქნება, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით ნდობის ხარისხის მაღალი იყოს, დაწყებული ავტორიზაციის ფაქტების დოკუმენტირებიდან, ასევე გვერდითი შედეგების და ეფექტურობის მაჩვენებლის გაზიარებით, ეს ყველაფერი გაკეთდება“, -აცხადებს გაბუნია.

კითხვაზე, ხომ არ მიდის ცალკე საუბარი სასულიერო პირებთან, რომ მრევლი განაწყონ პოზიტიურად კორონავირუსის ვაქცინის მიმართ, გაბუნია აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებული არ არის.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს, მოსახლეობის 20%-სთვის არის განსაზღვრული. გაბუნია აქვე დასძენს, რომ იმუნური ფენის შექმნისთვის მოსახლეობის უმრავლესობა უნდა იყოს ვაქცინირებული.

„მოსახლეობის უმრავლესობა უნდა იყოს ვაქცინირებული, რომ შეიქმნას გარკვეული იმუნური ფენა. ამიტომ ამას გარკვეული დრო სჭირდება. პირველი რაოდენობა, რომელსაც „კოვაქს“ პლატფორმიდან მივიღებთ ეს მოსახლეობის 20%-სთვის არის განსაზღვრული, შეიძლება კიდევ ერთი ამდენი, ან ნაკლები მანამდე მივიღოთ ვიდრე იქნება „კოვაქსის“ პლატფორმა. ვაქცინის წარმოებას დრო სჭირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, თუ როგორია საქართველოს პოზიცია რუსულ ვაქცინაზე, გაბუნია აცხადებს, რომ რუსული ვაქცინა ქვეყნის პრიორიტეტებში არ შედის.

„ჩვენ გვაქვს განსაზღვრული გარკვეული ნუსხა იმ ვაქცინების, რომელზედაც აქცენტს გავაკეთებთ, არის „ფაიზერი“, „მოდერნა“ იქნება კიდევ სხვა ვაქცინები, რომლებიც მიიღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, ამ შემთხვევაში არჩევანი საკმაოდ ფართოა იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ რუსული ვაქცინის გამოყენებაზე“, - აცხადებს გაბუნია.

თამარ გაბუნიამ გრიპის ვირუსის ვაქცინაზეც ისაუბრა. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის პასიურობა ვაქცინის მიმართ და რატომ არ არის მაღალი დაინტერესება, გაბუნია დასძენს, რომ შესაძლოა, არ ხდება აქტიური კომუნიკაცია იმის თაობაზე, თუ რა რისკებისგან იცავს გრიპის ვირუსის ვაქცინა მოსახლეობას.

„ძალიან მაღალი ხარისხის გრიპის ვაქცინები შემოვიტანეთ. ვიდრე შემოვიტანდით დიდი მოლოდინი იყო, რამდენად გვეყოფა 100 ათასი დოზა. მოვახერხეთ ის, რომ 200 ათას დოზაზე მეტი შემოვიტანეთ. გრძელდება კამპანია, რომ დამატებით მოვიწვიოთ რისკის ჯგუფების წარმომადგენლები. ვაქცინაციას დაქვემდებარებული ჯგუფებიც გავაფართოვეთ. იმაზე ნაკლებად მოხდა მისი გამოყენება, ვიდრე გვქონდა ამის მოლოდინი. იგივე რისკები შეიძლება დადგეს კოვიდის ვაქცინაზე, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო საუბარი, რომ არ იციან რამდენად მოხერხდება ვაქცინის მარაგის ეფექტური ათვისება“,- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა