თამარ გაბუნია - კორონაპანდემიამ ჯანდაცვის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები გამოავლინა და ეს უპირველეს ყოვლისა პირველადი ჯანდაცვის სისტემაა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონაპანდემიამ ჯანდაცვის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები გამოავლინა და ეს, უპირველეს ყოვლისა პირველადი ჯანდაცვის სისტემაა.

როგორც გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განმარტა, საქართველოში უკვე 25 წელია პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბარი მიდის, მაგრამ ის, რომ ოჯახის ექიმი პირველი დონის კონტაქტი ყოფილიყო და მოსახლეობას პირველი პრობლემისთანავე მისთვის მიემართა, ამის კულტურა ქვეყანაში ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და შესაბამისად, ამისთვის ტექნიკური მექანიზმებიც გამართული არ ყოფილა.

გაბუნიას თქმით, პანდემიამ სისტემაში ახალი სტიმულები გააჩინა.

„როდესაც ეპიდემია იწყება, პირველი დარტყმა მოდის პირველად ჯანდაცვაზე - ესაა ოჯახის ექიმი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური და ძალიან დიდ დატვირთვას გაუძლო ორივემ. აქ გარკვეული გამოცდილება არსებობდა გრიპების ეპიდემიის გადატანის პროცესში და ჩვენ ეს მოდელი მაშინვე გავავითარეთ, თუმცა ოჯახის ექიმს, რომ მაშინვე ჰქონოდა ამისი რესურსი, რომ პირველი დარტყმა თავის თავზე აეღო, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა დასჭირდა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყანაში დიდი ხანია მცდელობის პროცესშია. მე ჩემი თავი ჯანდაცვის სისტემაში 30 წელზე მეტია მახსოვს და აქედან 25 წელია პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ის, რომ ოჯახის ექიმი პირველი დონის კონტაქტი იყოს და ადამიანს, როდესაც რამე აწუხებს, ოჯახის ექიმთან მაშინვე მიდიოდეს, ამისი კულტურა ჩვენთან ჯერ არ ჩამოყალიბდა და არც შესაბამისად, ტექნიკური მექანიზმები მაინც და მაინც გამართული ამისთვის არ არის. ამიტომ, როდესაც ტალღამ ძალიან მოიმატა, ჩვენ ბევრი განმარტება გვჭირდებოდა, იმის ასახსნელად, რომ ოჯახის ექიმია ის პროფესიონალი, სადაც უნდა მივიდეთ, ამიტომ იყო ზარები 112-ში და გადაიტვირთა 112, რადგან ასეთი ჩამოყალიბებული სახე, რომ ოჯახის ექიმი და პირველადი ჯანდაცვა აუცილებლად კარიბჭეა ჯანდაცვის სისტემაში, არ იყო.

სისტემურ პრობლემებს პანდემია ასე სწრაფად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა დამატებითი დამხმარე მექანიზმები იმისთვის, რომ ეს სისტემური პრობლემები ყოფილიყო დაბალანსებული და ეს ხარვეზები აღმოფხვრილი. ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებით შექმნა ონლაინ კლინიკა, იმისთვის, რომ ოჯახის ექიმებისთვის გაეწია დახმარება და დიდი დატვირთვა თავის თავზე აეღო,“- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში გამოწვევად მიიჩნევა ისიც, რომ ქვეყანას ჭარბი ინფრასტრუქტურა აქვს, რასაც დაბალანსება სჭირდება კერძო და სახელმწიფო სისტემას შორის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური ქსელი, ჰოსპიტალური სისტემა პანდემიას დახვდა 95% კერძო მიმწოდებლებით დაკომპლექტებული. პანდემიამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი კრიტიკა მოდიოდა იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საწოლი და თუნდაც სუნთქვის აპარატები მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. პანდემიის პირობებში ეს კი გამოგვადგა და ჩვენს სასარგებლოდ იმუშავა ამან, მაგრამ, რეალურად, ის, რომ ჭარბი ინფრასტრუქტურა გვაქვს, ესეც სისტემური პრობლემაა და დაბალანსება სჭირდება კერძო და სახელმწიფო ინფრასტრუქტურას.

პანდემიის პირობებში მოხდა ძალიან სწრაფად თუნდაც რუხის და ბათუმის საავადმყოფოების გამართვა და გაშვება, რასაც მანამდე ასეთი კონკრეტული გეგმა, რომ ეს საავადმყოფოები ასეთი სიმძლავრით დაიწყებდნენ მუშაობას, რა თქმა უნდა, ამაზე არ იყო ფიქრი, ამან შექმნა სტიმულები ჯანდაცვის სისტემაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა კერძო სექტორმა და პანდემიის დიდი ტვირთი გადავიდა კერძო სექტორის მონაწილეობაზე, მაგრამ კერძო სექტორსაც სჭირდება თავისი მოტივაცია, დაფინანსების მექანიზმები, შესაბამისი ანაზღაურება, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ჩამოვყალიბებულიყავით და შეგვექმნა ისეთი მოდელი, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც კერძო სექტორისთვის ისე სახელმწიფოსთვის,“- განაცხადა გაბუნიამ.

ის პანდემიის მართვის პროცესში ჯანდაცვის სისტემის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული პასუხი გასცა პანდემიას, რათა დამაზიანებელი შემთხვევები ქვეყნისთვის მინიმალური ყოფილიყო.

„ხშირად ისმის კითხვები იმაზე, რამდენად მომზადებული დახვდა ჯანდაცვის სისტემა მეორე ფაზას და რა გაკეთდა სწორედ ამ მოსამზადებელ პერიოდში. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და მაქსიმალურად ეფექტურად იქნა ეს პერიოდი გამოყენებული, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ანალიზი იმ გასული პერიოდის ღონისძიებების, რომელიც სწორედ, რომ იყო გაზაფხულიდან სექტემბრამდე პერიოდში. პრეტენზიების დიდი ნაწილი განპირობებულია იმით, რომ შესაძლოა, სრულ ინფორმაციას იმის შესახებ არ ფლობენ, რაც ამ პერიოდში გაკეთდა და რა შედეგიც მოიტანა თითოეულმა ამ ღონისძიებამ. უბრალოდ უხერხულია, იმაზე საუბარი, გადამზადდა თუ არ გადამზადდა სამედიცინო პერსონალი!

მეორე, ასევე რაც თვალსა და ხელს შუა ვითარდებოდა, ეს იყო ტესტირების სისტემა. ტესტირების თვალსაზრისით ლაბორატორიული ქსელი საკმაოდ მომზადებული დახვდა ამ ეპიდემიას, რადგან "ლუგარის" ლაბორატორია, მაშინაც გამართული იყო და ძალიან მალე დაიწყო მან როგორც ტესტირების თავის თავზე აღება, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში მუშაობა და კერძო ქსელების მობილიზაცია. ძალიან ბევრი ლაბორატორია ეპიდემიისთვის მზად იყო“, - განაცხადა გაბუნიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს