თეა წულუკიანი აუდიტის დასკვნაზე - 2017 წლის დანაკლისია - ჩვენ 2018 წელს კახი კახიშვილის დროს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება დავიწყეთ

2018 წელს კახი კახიშვილის დროს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება დავიწყეთ, იმიტომ, რომ როდესაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, წინა ხელმძღვანელობამ ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოასწრო და ჩვენ ეს გავაკეთეთ, -ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომლის თანახმადაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 893,577 ლარის დანაკლისი.

როგორც წულუკიანი განმარტავს, აღნიშნულ პერიოდში, ციხეები მისი სამინისტროს სისტემაში არ შედიოდა.

“2018 წლის 10 იანვარს არსებობდა ცალკე სამინისტრო - სასჯელაღსრულების სამინისტრო, ციხეები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არ იყო შემოსული. ამიტომაც იმ პროცესებზე, რაც 2018 წლის იანვარში მიმდინარეობდა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, წინა მინისტრს, ბატონ კახი კახიშვილს დაუსვათ კითხვა. 2018 წელს სწორედ ბატონი კახის დროს, მისი ხელმძღვანელობით აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება დავიწყეთ, იმიტომ, რომ როდესაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, წინა ხელმძღვანელობამ ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოასწრო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. 2018-2020 წლებში დაიწყო მედიკამენტების და არამარტო, ინვენტარიზაცია და იმავე აუდიტის შედეგებით თქვენ ნახავთ, რომ 2018-20 წლებში არავითარი დანაკლისი არ არის, თუმცა არის 2017 წლის დანაკლისი და ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, გადაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში. ჯერ არ გადაგზავნილა იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია, რომელმაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს დანაკლისი, 2020 წლის პირველ დეკემბერს დასრულდა და წლის ბოლოს, როდესაც ხელი მოეწერება და გაფორმდება დოკუმენტები, 2017 წლის დოკუმენტები გადაგზავნილი იქნება”,- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად, 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ გამოავლინა 893,577 ლარის დანაკლისი (მათ შორის, გაუქმებულ პენიტენციურ დაწესებულებებზე რიცხული 134,777 ლარის მარაგები). ამავე ოქმში მოცემული განმარტებით, დანაკლისი განპირობებული იყო წინა პერიოდებში მედიკამენტების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობით, ინვენტარიზაციის განუხორციელებლობით და მარაგების ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებით (აღნიშნული საკითხი განხილულია წინა აუდიტის ანგარიშებში).

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და ინვენტარიზაციის შედეგები, შემდგომი შესწავლის მიზნით არ არის გადაგზავნილი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა მარაგების ანგარიშზე რიცხული, წინა პერიოდებში ჯანდაცვის სამინისტროდან უსასყიდლოდ მიღებული 1,162,684 ლარის მედიკამენტები და სამედიცინო სახარჯი მასალა, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებელი ორგანიზაციების კონტროლირებად მედიკამენტებს და ამავე ორგანიზაციის მიერ ჩამოწერილია ხარჯებში.

ვინაიდან ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჯანდაცვის სამინისტროს ბენეფიციარები არიან, აღნიშნული მარაგები ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანგარიშზე საანგარიშო წლის ბოლოს ირიცხება 893,577 ლარის ფაქტობრივად არარსებული ნაშთი, ჯამურად სასაქონლო - მატერიალური მარაგების ანგარიშზე არსებული თანხა წარმოდგენილია 2,056,261 ლარით გაზრდილი ღირებულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა