აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნები - ჩვენი არჩევნები შედგა, შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების დრო გავიდა

აშშ-ის თავდაცვის ათი ყოფილი მდივანი ღია წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და საარჩევნო კოლეგიის ხმების ოფიციალურად დათვლის დრო მოვიდა.

„ჩვენი არჩევნები შედგა. ხმების გადათვლა და გადამოწმება ჩატარდა. სასამართლოებმა საჩივრები სათანადოდ და კეთილსინდისიერად განიხილეს. გუბერნატორებმა არჩევნების შედეგები დაამოწმეს და საარჩევნო კოლეგიამ კენჭისყრა გამართა. შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების დრო გავიდა და საარჩევნო კოლეგიის ხმების ოფიციალურად დათვლის დრო დადგა, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციითა და კანონით“, - ნათქვამია წერილში.

თავდაცვის ყოფილი მდივნები მიიჩნევენ, რომ შეიარაღებული ძალების საარჩევნო დავების მოგვარებაში ჩართვის მცდელობა ქვეყანას სახიფათო, უკანონო და არაკონსტიტუციურ წერტილამდე მიიყვანს.

„აშშ-ს შეიარაღებული ძალების საარჩევნო დავების მოგვარებაში ჩართვის მცდელობა სახიფათო, უკანონო და არაკონსტიტუციურ ნიადაგამდე მიგვიყვანს. სამოქალაქო და სამხედრო ჩინოვნიკები, რომლებიც გასცემენ ბრძანებას ან ახორციელებენ ამგვარ ზომებს, პასუხისმგებელნი იქნებიან, მათ შორის სისხლის სამართლის სანქციებით, იმ სერიოზული შედეგებისთვის, რაც მათ ქმედებების ჩვენი რესპუბლიკისთვის მოაქვს,“ - აღნიშნულია წერილში.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მდივნები მოუწოდებენ თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელს კრისტოფერ მილერს და თავდაცვის დეპარტამენტის ყველა წარმომადგენელს, ხელი შეუწყონ ხელსუფლების გადაბარების პროცესს.

„მათ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისგან, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების შედეგებს ან ახალი გუნდის წარმატების კომპრომეტირებას ახდენს,“ - აღნიშნავენ თავდაცვის ყოფილი მდივნები.

წერილს ხელს აწერენ : ეშტონ კარტერი, ლეონ პანეტა, უილიამ პერი, დიკ ჩეინი, უილიამ კოენი, დონალდ რამსფელდი, რობერტ გეითსი, ჩაკ ჰეიგელი, ჯეიმს მატისი და მარკ ესპერი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო