ირმა ინაშვილი - თუ ფრიდონ ინჯია ​პარლამენტში შესვლაზე დათანხმდება, პარტიის დატოვება მოუწევს, სხვა ბიზნესმენები კი, რომელთა გვარებიც ისმის, არ არიან პარტიის წევრები, შემომწირველები იყვნენ

პოლიტიკური პარტია "პატრიოტთა ალიანსი" არ იქნება წარმოდგენილი გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში. 3 ან 4 ბიზნესმენის შესვლა, თეორიულად ვსაუბრობ, არ ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი რამენაირად ლეგიტიმაციას შეიძენს , - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე "პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში შევა, მას პარტიის დატოვება მოუწევს.

"ქართულმა ოცნებამ" გამოყო, მაინცდამაინც "პატრიოტთა ალიანსის" 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. სასწრაფოდ, გუშინ, დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ და ჩვენი განცხადების დადასტურება გვთხოვეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუდასტურეთ, რომ ჩვენი განცხადება ძალაშია და ის ჩვენი ნებითაა შედგენილი და არ გადავიფიქრეთ. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია, "ქართული ოცნების" უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით. პარლამენტზე უარის თქმა ჩვენი ახირება და ჩვენი სურვილი არ იყო. ჩვენ იმიტომ ვიშრომეთ, წარვმართეთ საარჩევნო კამპანია, რომ სწორედ პარლამენტიდან გვინდოდა, ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი შეგვეტანა.

მე "ქართულ ოცნებას" ვარწმუნებ, რომ 3 ან 4 დეპუტატის პარლამენტში შესვლა, ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს! დღეს, ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ მხოლოდ 3 დეპუტატის საკითხის გამოტანა ხდება. ეს არის რეგლამენტის უხეში დარღვევა და სხვათაშორის, რეგლამენტს კანონის ძალა აქვს! ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით და პარლამენტში არ შევალთ.

ჩვენი პარტიის არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. კი ბატონო, მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სიით ბიზნესმენები არიან, რომლებიც ჩვენს ადგილმონაცვლეებს წარმოადგენენ, მაგრამ მე რაღაც ძალიან დიდ სულსწრაფობას ვატყობ „ქართული ოცნების“ ლიდერებს და წარმომადგენლებს. ჯერ ჩვენი იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დგება დღის წესრიგში, შემდეგ გარკვეული ვადებია და იმის შემდეგ ხდება ადგილმონაცვლეების საკითხის განხილვა და დღის წესრიგში დაყენება. ძალიან დიდ მოუთმენლობას ვამჩნევ „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს. ბიზნესმენები, რომლებიც არიან ჩვენ სიაში, არ იყვნენ და არ არიან პარტიის წევრები. ჩვენ გვყავდა შემომწირველები ქართველი ბიზნესმენები და სწორედ მათი შემოწირულობით წარვმართეთ საარჩევნო პროცესი. 16-20 კაცი იყო ჩვენს სიაში წარმოდგენილი. არსებობს გარკვეული ვალდებულებები, ეს ყველას ესმის და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. პოლიტიკა არ არის მარტო სფერო, სადაც შეიძლება ყველა პრინციპზე თქვას უარი ადამიანმა. პოლიტიკა არის სფერო, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზნეობრივ ქმედებას და ჩვენ ამ ბიზნესმენებთან მიმართებაში სწორედ ასეთი მიდგომა გამოვიჩინეთ. მათ მივეცით საშუალება გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღონ", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიაში სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია იყო.

"ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართ, აქ არის პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მსჯელობა გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო არ ჩახსნა სია პარტიის თავმჯდომარემ, რომ გაითვალისწინა ეს ფაქტორები და სხვადასხვა მოსაზრებები. პარტიაში არ იყო მხოლოდ ერთი მოსაზრება და ეს ჯანსაღი პროცესია. ამიტომ, სიის წევრებმა მიმართეს ცესკოს განცხადებებით, 128-129 წევრმა მიმართა, რომ უფლებამოსილება მათი არ შევიდეს ძალაში და ვინც არ დაწერა განცხადება, ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი, მე არანაირი ბერკეტი, ხაზს ვუსვამ, მათზე ზემოქმედების არა მაქვს, მათ მიეცათ არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლაზე მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. თუ უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, მაშინ დარჩება პარტიაში. აი, ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები, რომელთა გვარებიც ახლა ისმის, არ არიან პარტიის წევრები. ისინი ჩვენი პარტიის შემომწირველები იყვნენ და დამფინანსებლები. ნანა დევდარიანს განცხადება აქვს დაწერილი არ შევა პარლამენტში. პოლიტიკური პარტია "პატრიოტთა ალიანსი" არ იქნება წარმოდგენილი გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში. 3 ან 4 ბიზნესმენის შესვლა, თეორიულად ვსაუბრობ, არ ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი რამენაირად ლეგიტიმაციას შეიძენს",- განაცხადა ინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა