ეკა ბესელია პარლამენტში შესვლაზე - არ შეიძლება პოლიტიკური აქსესუარი აღმოჩნდე კობახიძის ხელში

პარლამენტში ოპოზიცია არ შემოვიდა. ამას პოლიტიკური ვაჭრობა ჰქვია. ამ სიტუაციაში არ შეიძლება პოლიტიკური აქსესუარი აღმოჩნდე კობახიძის ხელში“,-ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას განცხადებით, სასაცილოა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესული დავით ზილფიმიანის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ არ მოსწონს მართლმსაჯულება და აპირებს სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას.

ამასთან, ეკა ბესელია დასძენს, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის პროცესი არ გაგრძელდება.

„იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი მმართველ პარტიაში და საკმაოდ დიდი გავლენები მქონდა. მე ვერ მივიყვანე მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე, იმხელა ომი ატყდა ამ რეფორმის გამო. „მართლმსაჯულების რეფორმას მივიყვან ბოლომდე და სასამართლოს თემა მოვაწესრიგოთ“ - არ არის ღიმილის მომგვრელი? აბა რა არის. მშვიდობაში. ეს უფრო ამძიმებს „ქართული ოცნების“ მდგომარეობას, იმიტომ რომ როდესაც ასე გიჭირს, რომ ინდივიდუალურად იწყებ ადამიანებთან მოლაპარაკებას, რომ შემდეგ თქვა „პარლამენტში ოპოზიცია შემოვიდა“, არ შემოვიდა პარლამენტში ოპოზიცია! ამას პოლიტიკური ვაჭრობა ჰქვია. გაგრძელება არ იქნება. ყოველთვის მოიძებნებიან სუსტი ნებისყოფის ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ ცდუნებებს და უარს ვერ ამბობენ კომფორმისტულ გარემოზე, ასეთები სამწუხაროდ, მოიძებნებიან. ამ სიტუაციაში არ შეიძლება აღმოჩნდე პოლიტიკური აქსესუარი კობახიძის ხელში. თუ ამ როლში შედის ვინმე, ეს მისი არჩევანია, არ მგონია, ეს გაგრძელდეს “,-განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულ დეპუტატებსა და მმართველ გუნდს შორის ღია ტიპის გარიგება მოხდა.

„მე მგონი, ეს სურათი მეტად ამძიმებს და აჩვენებს რამდენად რთულ სიტუაციაშია დღეს პარლამენტი და უმრავლესობა. საპარლამენტო კრიზისის ფონზე, როდესაც ხდება ასეთი ტიპის მანიპულაციები, ძალიან მარტივად გასაგებია, ყველა ხვდება, რომ ეს მარტივი გარიგების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ როგორც პარტია არ შედის პარლამენტში, არ მოხდა სიის ჩახსნა და ცალკეული პირები, როგორც ინდივიდები დამოუკიდებელი დეპუტატები შედიან პარლამენტში. ეს, ერთი მხრივ, აჩვენებს რომ ღია ტიპის გარიგება ხდება მმართველი პარტიის. ყველა ხვდება რომ, როდესაც შედიხარ ამ პარლამენტში, სადაც მარტო დარჩენილია მმართველი პარტია, რომელმაც არჩევნები უსამართლოდ და ცუდად ჩაატარა, შენ კი რაღაც ფასადს უქმნი და იმ როლში აღმოჩნდები, რა როლიც უნდა რომ კობახიძემ დაგაკისროს, ეს იმ ადამიანის არჩევანია. ვიცნობ სამ მათგანს. გულდასაწყვეტია, უბრალოდ, ეს მათი არჩევანია “, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო