ირმა ინაშვილი - მინდა „ქართული ოცნება” დავარწმუნო, რომ რამდენიმე დეპუტატის შესვლით პოლიტიკური რეალობა არ იცვლება და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული

მინდა „ქართული ოცნება” დავარწმუნო იმაში, რომ რამდენიმე დეპუტატის პარლამენტში შესვლით ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა არ იცვლება და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ფრიდონ ინჯიას გარდა, „პატრიოტთა ალიანსის” წევრები არ ყოფილან.

„ჩვენი პარტიის წევრები არ შესულან პარლამენტში. მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ბიზნესმენებმა, რომლებმა განაცხადეს, რომ შევლენ პარლამენტში, არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები. პარტიის წევრი იყო მხოლოდ ფრიდონ ინჯია, რომელმაც დაწერა განცხადება, დატოვა პარტია, ჩვენ ზუსტად ეგ შეთანხმება გვქონდა, რომ თუ ბატონი ფრიდონი გადაწყვეტს შევიდეს პარლამენტში, მაშინ მას მოუწევდა პარტიის დატოვება იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ არ შევა გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში. ბატონ ფრიდონთან კომუნიკაცია პირადად მე არ მქონია, კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენი პარტიის აღმასრულებელ მდივანს გოჩა თევდორაძეს, მაგრამ ბატონ ფრიდონს არ უსაუბრია გოჩა თევდორაძესთან ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.

ჩვენი პარტია, მონაწილეობდა ყველა რაუნდში მოლაპარაკებების და ცხადია, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მეხუთე რაუნდში. მე ვისურვებდი, რომ შედგეს შეთანხმება არამარტო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ დაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები. ხელისუფლებებს საერთოდ ახასიათებთ ხოლმე სიხისტე, ზოგიერთ ხელისუფლებას ახასიათებს სიჯიუტე, ზოგიერთს უგუნურობა და ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, მინდა „ქართული ოცნება” დავარწმუნო იმაში, რომ რამდენიმე დეპუტატის პარლამენტში შესვლით ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა არ იცვლება და ეს პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული”, - განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქანაძე იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამის გამო პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე 4 იანვარს შეუწყვიტა. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს მათმა ადგილმონაცვლეებმა - დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ გუშინ მიმართეს. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძეც.

იხილეთ ვიდეო:ინაშვილის განცხადებით რამდენიმე პირის პარლამენტში შესვლით რეალობა არ იცვლება და პარლამენტი ვერ ხდება მრავალპარტიული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო