მიხეილ სარჯველაძე - რატომ გახდა ირაკლი კობახიძის ტონი სალაპარაკო ჩემთვის გაუგებარია - მისი ტონი  აბსოლუტურად სწორად შერჩეულია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ის იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ტონს, რითაც ის ოპონენტებთან საუბრობს.

როგორც სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ გახდა სალაპარაკო ირაკლი კობახიძის ტონი, როდესაც მან ოპონენტებს „მკვეთრი, მკაფიო შეთავაზება გაუკეთა“.

„მე არ მომისმენია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელსაც არ დავეთანხმები. სიმართლე გითხრათ, ტონიც რატომ არის ასე სალაპარაკოდ გამხდარი, გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის გასაგები არ არის. მკვეთრად, მკაფიოდ გამოვიდა ადამიანი და გააკეთა შეთავაზება. ამას ვინ როგორ აღიქვამს, არ ვიცი. პირველი, მთავარი ქვეტექსტი, რაც უნდა ამოკითხულიყო იმ განცხადებაში, რომლის ტონზეც ძალიან ბევრი იყო ლაპარაკი, ზუსტად ეს იყო ჭეშმარიტების ძიებისკენ გადადგმული მკვეთრი, მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯი. ასე უნდა შეფასებულიყო. მე პირადად ასეთი აღქმა მაქვს, უბრალოდ, ეს აღქმები მაინც სუბიექტურია. როდესაც ვამბობდი ტონს დავანებოთ თავი-თქო, იმას კი არ ვგულისხმობდი, რომ მე ტონი არ მომწონს, ვფიქრობ, ტონი იყო სწორი, აბსოლუტურად სწორად შერჩეული და გაკეთებული. უბრალოდ, აღქმა, რომელიც ვიღაცას აქვს, ეს არ არის მთავარი, როგორიც არ უნდა იყოს და რამდენად გულწრფელიც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ამბობს რომ ტონი არ მომეწონა. აქ იმაზე კი არ გვაქვს ვაჭრობა ერთმანეთს რა დავუთმოთ და რა არ დავუთმოთ, არამედ, აქ ლაპარაკია იმაზე ჩვენი ქვეყნის პარლამენტი უნდა ფუნქციონირებდეს და მისი ფუნქციონირებისთვის თუ ბოიკოტირებისთვის რამდენად არის არგუმენტები მაგიდაზე, ამაზეა მსჯელობა, რადგან ეს მეტს გვავალდებულებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არავითარი შემხვედრი ნაბიჯი „ქართული ოცნების“ შეთავაზებების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან არ გადადგმულა.

„ის შეთავაზება, რომელიც ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთდა, რომ თუ 1 %-ით მაინც დაფიქსირდება გადახრა რეზულტატებზე ნებისმიერი დარღვევის, გადათვლის, კამერების ჩანაწერების გაშიფრვის შედეგად, მზად ვართ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მიუხედავად ამის, ცუდად იქნა გაკრიტიკებული ჩვენი ეს შეთავაზება. არაარგუმენტირებული იყო და აქცენტი გაკეთდა ტონზე, დროზე და ა.შ. გარდა იმისა, რაც მთავარი შემადგენელი იყო ამ შეთავაზების. შეთავაზება იყო გაგვერკვია ჭეშმარიტება და თუკი დადგინდებოდა, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, მზად ვიყავით ამ დათმობაზე წავსულიყავით. ამის საწინააღმდეგოდ, არავითარი შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა და არავის უთქვამს, ტონი რომ განსხვავებული ყოფილიყო ამას დავთანხმდებოდით“, - განაცხადა სარჯველაძემ და დასძინა, რომ „კონსტრუქციული ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან არ გადადგმულა“.

„მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გაყალბება არ დასტურდება, მაინც ჯიუტად მიდის იგივე რამეზე მსჯელობა. ერთპარტიულობაზე პედალირება და ხშირად ამაზე საუბარი არის გამიზნული იმისკენ, რომ თითქოს აიძულონ ხელისუფლება, დააშანტაჟონ ხელისუფლება, რომ თუ უსაფუძვლოდ არ ჩაატარებ არჩევნებს, ამ შემთხვევაში შენ მიიღებ ერთპარტიულ პარლამენტს. აქ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მეთოდი, რომელიც გაამართლებს. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთადერთი არგუმენტი - ეს არის ჭეშმარიტების ძიება და ამაში იგულისხმება შემდეგი - თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს უნდა აიხსნას და დასაბუთდეს. არ შეიძლება მხოლოდ ცალკეულ ინცინდენტებზე აპელირება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო