თენგიზ ფხალაძე - რაც აშშ-ში მოხდა, ეს არის პრეზიდენტ ტრამპის სირცხვილი - ქვეყნის ლიდერი ასე არ უნდა იქცეოდეს

თუ ბაიდენის ადმინისტრაციამ კრიზისის გადალახვა მოახერხა, მაშინ ძალიან ბევრი რამ შეუძლია ამერიკას ასწავლოს სხვა ქვეყნებს. თუ ეს ვერ მოახერხა, ბუნებრივია, თავად ამერიკული დემოკრატიისთვის კი არა მსოფლიო დემოკრატიისთვის იქნება პრობლემა, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე.

როგორც ფხალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებს შეიძლება აჩვენოს მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება კრიზისი გადაილახოს.

„კრიზისი შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოში მოხდეს. გვახსოვს საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციები, მთავარია, ამ კრიზისს როგორ გადალახავ. ამერიკის დემოკრატია იმით იყო ყოველთვის უნიკალური, რომ ამ ტიპის კრიზისების გადალახვიდან ის უფრო გამარჯვებული გამოდიოდა. თუ ეს მოახერხა ბაიდენის ადმინისტრაციამ, მაშინ ძალიან ბევრი რამ შეუძლია ამერიკას ასწავლოს სხვა ქვეყნებს. თუ ეს ვერ მოახერხა, ბუნებრივია, თავად ამერიკული დემოკრატიისთვის კი არა მსოფლიო დემოკრატიისთვის იქნება პრობლემა“, - განაცხადა ფხალაძემ.

ამასთან, ფხალაძის შეფასებით, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები „ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი პრეზიდენტ ტრამპისათვის“.

„დემოკრატიული სამყაროს პრეზიდენტი არ უნდა იქცეოდეს ისე, რა ქმედებაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ტრამპისგან. თავისთავად ცხადია, რომ ამ ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს. მეორე მხარე ამ მოვლენებისა გახლავთ ის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის სწორი ბალანსი, ხელიხუფლების შტოებს შორის ფუნქციების სწორი გადანაწილება და ხელისუფლების ერთ ხელში კონცენტრაციის პრევენცია. გუშინ რამაც გადაარჩინა ამერიკული დემოკრატია, იყო სწორედ ეს - თავის სიმაღლეზე იდგა კონგრესი, ადგილობრივი ხელისუფლება და სახელმწიფო მექანიზმმა, რომელიც ბალანსზე და ურთიერთთანასწორობის პრინციპებზეა აგებული, არ მისცა საშუალება ავანტურის განხორციელებისა.

სავარაუდოდ, კონგრესი მაშინვე განაგრძობს მუშაობას, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება და ვფიქრობ, უახლოეს საათებში დაამტკიცებენ არჩევნების შედეგებს. ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა არჩეულ პრეზიდენტს, ბაიდენს, რომელიც სწორედ გამაერთიანებელ იდეას უხვამდა ხაზს. ცხადია, პრეზიდენტ ბაიდენს ეს გამოწვევაც წინა აქვს, რადგან მსგავსი ტიპის მოვლენების შედეგი ერთ წუთში, ერთ საათში, ერთ დღეში არ განიმუხტება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აირჩია ეროვნული თანხმობის პოლიტიკა, რამაც, ვფიქრობ, არა მხოლოდ კრიზისი უნდა განმუხტოს, არამედ აღმოფხვრას კრიზისის საფუძველი, რისი საფრთხეც არის. რაც გუშინ აშშ-ში ხდებოდა, ეს არის პრეზიდენტ ტრამპის სირცხვილი, რადგან ის ხელს უწყობდა არა პოლარიზაციის განმუხტვას, არამედ მისი ბოლო განცხადებები სწორედაც რომ ახალისებდა ამ პოლარიზაციას. ქვეყნის ლიდერი ასე არ უნდა იქცეოდეს“, - განაცხადა ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ცხადია, რომ რუსეთი ამ მოვლენების შემდეგ უპირველეს ყოვლისა შეეცდება გააშარჟოს ეს ყველაფერი, რომ დააკნინოს და სასაცილოდ გამოიყვანოს ამერიკის იმიჯი მსოფლიოში, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გამოვა აშშ ამ კრიზისიდან და დარწმუნებული ვარ, გამოვა.

ამათან, ფხალაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ტრამპის პასუხისმგებლობის მექანიზმი ბევრი რამ შეიძლება იყოს.

„ტრამპის პასუხისმგებლობა უპირველესად ის არის, რომ მისი პოლიტიკური კარიერის ძალიან ცუდი დასასრულია, მაგრამ ვფიქრობ, თუ რატომ მივიდა ქვეყანა ამ ტიპის კრიზისამდე, ამის სერიოზული შესწავლა მოხდება. შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს, მაგრამ ეს იქნება გაკვეთილი, როგორ არ უნდა მართო ქვეყანა კრიზისის სიტუაციაში“, - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კი, 15 დღით გახანგრძლივდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენები „ამბოხად“ შეაფასა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. პრეზიდენტ ტრამპს კი, მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ს ყოფილი პრეზედენტები. როგორც ბარაკ ობამა აცხადებს, ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც აშშ-ს დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს. ჯორჯ ბუში კი ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს