ადვოკატი სასამართლოს 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა ოდენობის გირაოს შესთავაზებს სასამართლოს, მისი განმარტებით, აღნიშნულს სასამართლო პროცესზე ბრალდებულთან შეათანხმებს.

გაჩეჩილაძის თქმით, სახელმწიფო ბრალდება გიორგი ახლოურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ადვოკატის განმარტებით, გიორგი ახლოური ბრალს განზრახვის ნაწილში არ ეთანხმება, ვინაიდან ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა. გაჩეჩილაძის თქმით, ბრალდებულს ძმის მკვლელობის არანაირი მიზეზი, არც განზრახვა ჰქონია, შესაბამისად, საქმეში მოტივიც ვერ იქნება.

ადვოკატის განცხადებით, შემთხვევის დროს, ბრალდებულის მამა სახლში იმყოფებოდა, თუმცა, მას მეორე ოთახში ეძინა და არაფერი გაუგია. ამის მიუხედავად, გაჩეჩილაძის თქმით, მამა ადასტურებს, რომ მის შვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ეს იყო გაუფრთხილებლობით მომხდარი მკვლელობა. უფლებადამცველის თქმითვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თავად ბრალდებულმა გამოუძახა, უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, ახლოურმა სასწრაფოს 4-ჯერ დაურეკა, ვინაიდან ადგილზე მისვლას აგვიანებდა და სთხოვდა, ეთქვათ, მათ მოსვლამდე როგორ დახმარებოდა ძმას.

„გიორგი ახლოურს განზრახვა რომ ჰქონდა, ის აუცილებლად შეეცდებოდა მიმალვას, გაქცევას, თავის არიდებას. როცა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა, დაჭრილს გაყვა ყველა, მამამისის ჩათვლით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი, სახლში დარჩა, მას მიმალვა არ უცდია, სამართალდამცავებმა მას სახლში მიაკითხეს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

თამარ გაჩეჩილაძე ასევე საუბრობს ბალდებულის პიროვნებაზე და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განათლება გერმანიაში მიიღო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში გაყიდვების აგენტად მუშაობდა, ძმასთან კი კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს