ისრაელის ელჩი - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები

საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია „გადმოანთხია”. ამასთან ელჩის თქმით, როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული "ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური".

რან გიდორის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ანტისემიტიზმის აღმოცენება შეაჩეროს.

„ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.

როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური.

მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებულად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.

30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.

2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.

მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.

როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.

როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: "ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში”,- აცხადებს რან გიდორი.

ელჩის განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს