ანა დოლიძე - არაფორმალური მმართველობა სისტემური პრობლემაა, რომელიც ახასიათებს როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, თავად ბიძინა ივანიშვილის ყოფნა-არყოფნა „ქართულ ოცნებაში“ იმდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რამდენადაც ის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ის პოლიტიკაში რჩებოდა.

ამასთან, დოლიძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გაგრძელდება.

„მინდა გამოვეხმაურო დღის მთავარ მოვლენას, ბიძინა ივანიშვილის წასვლას „ქართული ოცნებიდან“ და პოლიტიკიდან. თავად ბიძინა ივანიშვილის ყოფნა-არყოფნა „ქართულ ოცნებაში“ იმდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რამდენადაც ის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ის რჩებოდა პოლიტიკაში და შეიძლება კიდევ რჩება. ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა, სადაც გაქვს ძალაუფლება, მაგრამ არ გაქვს ის რისკები, რაც ამ ძალაუფლებას მოსდევს პასუხისმგებლობის სახით. ჩრდილოვანი მმართველობა ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემაა და თუკი ოდესმე დასრულდება ამ ტიპის მმართველობა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან კარგი იქნება", - აცხადებს ანა დოლიძე.

მოძრაობა "ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, გიორგი გახარიას სახით, ქვეყანას ფორმალური ლიდერი ჰყავს.

„კარგად ვიცით, რომ გიორგი გახარიას, რომელიც არის ჩვენი პრემიერ-მინისტრი, არ აქვს საშუალება თავად დანიშნოს გუნდიდან ერთი მინისტრიც კი. ანუ, ჩვენ გვყავს ლიდერი, რომელიც ქვეყანას მართავს ფორმალურად, მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის სახელით და რეგალიით. სისტემურად სწორი იქნებოდა, რომ ის ყოფილიყო ქვეყნის როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური ლიდერი“, - აღნიშნა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, არაფორმალური მმართველობა მხოლოდ ხელისუფლებას არ ახასიათებს. ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც დიდი პრობლემაა.

"აღსანიშნავია, რომ არაფორმალური მმართველობა არ აქვს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, იგივე ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ბოლო რამდენიმე წელია, მიხეილ სააკაშვილი პარტიის ოფიციალური თავმჯდომარე არ არის, თუმცა ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერადაც და არაფორმალურ მმართველადაც. ჩვენ გვჭირდება პარტიები, სადაც პასუხისმგებლობა და ძალაუფლება თავმოყრილი იქნება ერთსა და იმავე ხალხში. ასეთ სისტემურ ცვლილებას უნდა ველოდოთ, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან“, - აცხადებს ანა დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა