ირაკლი შოთაძე - 2020 წელს განაჩენი 13 099 პირის მიმართ დადგა, საიდანაც საქმეების 63% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წელს 13 099 პირის მიმართ იქნა განაჩენი გამოტანილი, საიდანაც საქმეების 63% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.

როგორც ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2020 წელს წინა წლების მსგავსად გაზრდილია გამოძიების ადრეულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელიც.

„ეს ხელს უწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და როგორც პროკურატურის, ასევე სასართლოს და ყველა ჩართული მხარის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვას. ასევე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას დაზარალებული არ არის ვალდებული გამოცხადდეს საამართლო პროცესზე, მისცეს ჩვენება და კიდევ ერთხელ განიცადოს დანაშაულის შედეგად განცდილი სტრესი. შესაბამისად, პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 64,7% შემთხვევებში საპროცესო შეთანხმება ბრალდებულის პირველივე წარდგენილ სხდომაზე ფორმდება. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებთ. რაც უფრო მეტი საქმე საწყის ეტაპზევე დასრულდება საპროცესო შეთანხმებით, ეს დაგვიზოგავს ადამიანურ და მატერიალურ რესურსს როგორც ჩვენ, ასევე სასამართლოს და მოგვცემს შესაძლებლობას აქცენტები გავაკეთოთ ისეთი კატეგორიის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე, სადაც საკმაოდ მძიმე შედეგებია დამდგარი“, - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის პერიოდში არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან 8,6% შემთხვევებში სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 4,1% შემთხვევებში- ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

„2020 წელს 2019 წელთან შედარებით მცირედით არის შემცირებული გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. 2019 წელს იყო სრულად გამამართლებელი განაჩენი - 11,1% შემთხვევაში. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ გამამართლებელი განაჩენების შინაარსობრივ კვლევას და ვნახულობთ რა შემთხვევებში ხდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რა მტკიცებულებითი სტანდარტის პრობლემაა, პროცესუალური შეცდომების შედეგად თუ სხვა გარემოებებით“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელს, როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2020 წელს ჯარიმა გამოყენებულ იქნა 48,3% შემთხვევებში, რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას 2020 წელს ჯარიმის მთლიანი ოდენობა 15 მილიონ 840 ათასი ლარი იყო.

„ბოლო წლების განმავლობაში აღმოიფხვრა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ჯარიმა გამოიყენებოდა ერთი მხრივ, ბიუჯეტის შევსების მექანიზმად და მას არაფერი საერთო არ ჰქონდა სასჯელის მიზნებთან და დღესდღეობით ჯარიმა გამოიყენება სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ ბოლო წლებში აღმოიფხვრა ჯარიმების წინასწარ გადახდის მანკიერი პრაქტიკა და მსგავსი პრაქტიკა დღესდღეობით აღარ არსებობს“, - განაცხადა შოთაძემ.

მისივე ინფორმაციით, სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების მაჩვენებელი ასევე ბოლო წლებში გაზრდილია.

„2020 წელს საპროცესო შეთანხმების დადებისას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოყენებულ იქნა 18,2%-ში. ეს ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ვგეგმავთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების მაჩვენებელი საპროცესო შეთანხმებისას გაიზარდოს. ეს სასჯელი საკმაოდ ეფექტიანია ბრალდებულების და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნებისათვის“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელს, შოთაძის ინფორმაციით, 2020 წელს 18,1% შემთხვევები გამოყენებულ იქნა საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელთან ერთად.

„ჩვენ ვახორციელებთ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ძალადობრივი დანაშაულებების მიმართ, საუბარია განზრახ მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებებში, ყაჩაღობაზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. 2020 წელს განზრახ მკვლელობაზე, ასევე განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში 100% შემთხვევებში საბოლოო ჯამში ბრალდებულებს, მსჯავრდებულებს განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა. ყაჩაღობისას - 96% შემთხვევებში. გამონაკლისია 3 ბრალდებული, რომლებიც არასრულწლოვნები იყვნენ და სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. რაც შეეხება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას- 67% შემთხვევაში 117-ე მუხლით მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა იქნა გამოყენებული“, - განაცხადა შოთაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა