ბაკურ აბულაძე - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2016-2020 წლების მონაცემებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 87 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, მათგან 18 პირი იყო პოლიტიკური პატიმრის სტატუსის. 77 პირის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენი მსჯავრდებულების მიმართ საქმის განხილვა გრძელდება.

„2015-2020 წლებში გამოვლენილი იქნა მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 178 ფაქტი და მხილებული იქნა 51 საჯარო მოხელე. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 392 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით 54 500 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. 2020 წელს კი, დაზარალებულად იქნა ცნობილი 49 პირი, რომელთაც დაახლოებით 960 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდათ“, - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

ბაკურ აბულაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 17 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი 11 პირის მიმართ, რომელთაგან 4 ატარებდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსს.

„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ორიენტირებულა გამოიძიოს 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გენერალურ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი ენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას” - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოსულია არაერთი განცხადება, რომელიც სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხს შეეხება.

„ვინაიდან, პროკურატურის კომპეტენციაში არ შედის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით მიღებული გადაწყვეტილების რაიმე ფორმით რევიზირება, გაუქმება ან შეცვლა და ამავდროულად, ხშირ შემთხვევებში, გასულია კანიონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, ვერ ხერხდება აღნიშნული მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურა გეგმავს ამ კუთხით, საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციებს, რათა მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვის საქმის ხელახალი განხილვა და უკანონო გზით საკუთრებიდან გასული ქონების დაბრუნება“,- განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს