გიგი უგულავა - ივანიშვილი კომფორტის ზონაში წავიდა თუ ლეთარგიულ ძილში, ფაქტია, რომ მას მოუწია უკან დახევა - მისი ამ ნაბიჯით ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებს უფრო მიუახლოვდა

ივანიშვილი კომფორტის ზონაში წავიდა თუ ლეთარგიულ ძილში, ფაქტია, რომ მას მოუწია უკან დახევა და იმ პრობლემების გასიგრძეგანება, რომელიც ქვეყანაშია და ალბათ დაინახა, რომ ამ პრობლემებს მხოლოდ და მხოლოდ გადაყვება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ცვლის თუ არა რაიმეს ივანიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციის გეგმებში, უგულავა ამბობს, რომ მათი გეგმები არსებითად უკეთესობისკენ შეცვალა. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯით ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებს უფრო მიუახლოვდა.

„ივანიშვილმა, რომელიც არის როგორც ყოველთვის საკუთარ ქონებაზე მზრუნველი ადამიანი, გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი ქონების სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი - დაიცვას ქონება და წავიდა სიღრმეში. ვთვლი, ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ მოთხოვნასთან, რიგგარეშე არჩევნებთან.

ჩვენ გაცილებით ახლოს ვართ რიგგარეშე არჩევნებთან. „ოცნების“ რიგითმა ამომრჩეველმა ხმა ივანიშვილს მისცა, აბა თალაკვაძისთვის და კობახიძისთვის ხმა არავის მიუცია და თუ ივანიშვილი წავიდა და ჩვენ ამას ვიჯერებთ, რომ წავიდა, მაშინ ლეგიტიმაციის პრობლემა ასკეცდება. მითუმეტეს ამ პარლამენტის, რომელიც ერთპარტიულია, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა ისედაც აქვს და რომელიც არარეპრეზენტაციულია. ამ ყველაფერს რომ დაემატა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხმა, რაც მოიპარეს, თუ არ მოიპარეს და აიღეს. ვის მისცეს ხმა? - ივანიშვილს. ივანიშვილი ახლა ამბობს - მივდივარ. ლეგიტიმაციის პრობლემა უფრო მეტად დგება და ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილებით ორი-სამი ნაბიჯით ახლოს ვართ რიგგარეშე არჩევნებთან.

ივანიშვილს თუ რამეს შევადარებთ, რუსეთს უნდა შევადაროთ. რუსეთზე კი ასეთი გამოთქმაა - „Умом Россию не понять“. გონებით ივანიშვილი რას შვება... ის თვითგადარჩენის ინსტიქტებით მოქმედებს. ის 90-იანი წლების რუსეთის კაცია. რუსეთში ოლიგარქებისთვის 90-იან წლებში, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონოდათ, მთავარი ზურგის ტვინი და ინსტინქტი იყო, თვითგადარჩენის ინსტინქტი.

8 წელია გასული და ხელისუფლებიდან როდის მოცურდება, თვითონაც იცის კარგად, თავის ძვირფას ოპუსში დაწერა და ხვდება, რომ ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. ასევე საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელიც მის წინააღმდეგ უფრო ფორმირდა იმიტომ, რომ ფაქტია ბაიდენის ადმინისტრაცია მისთვის არ იყო სასურველი იმიტომ, რომ ბაიდენი როცა ვიცე-პრეზიდენტი იყო და ძირითადად ის კურირებდა აქეთა რეგიონის საკითხებს, ივანიშვილს თავისი ადმინისტრაციით, თავისი პრემიერ-მინისტრებით გადაგდებული ჰყავს. საერთაშორისო კომპონენტი შედის ასევე - აქამდე კი იყო, რომ იქნებ შეხვიდეთ, მაგრამ ოპოზიციას აწი აღარავინ ეტყვის - შედით. პირიქით - ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ეტყვიან - დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები. ეს ტენდენცია წამოვიდა. ბევრი წინაპირობაა, ვივარაუდოთ, რომ მას სჭირდებოდა უკან წასვლა. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პერსონალურად ინტროვერტია და რასაც აკეთებს ეს 8 წელია, დიდად შეიძლება არ სიამოვნებს“,- განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო