პროკურატურამ სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაპირველად, ბრალდებულს ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, თუმცა, მას მოგვიანებით ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

პროკურატურის ცნობითვე, დაკავებული პირი საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ერთ-ერთ პირს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი.

„საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-სა და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი - ც.ა. ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ვ.ზ. საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ც.ა.-ს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

ვ.ზ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს