ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს

ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი, ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად ჩაეხსნება „ქართულ ოცნებას“ და არავისთან კომუნიკაცია არ ექნება. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დარწმუნებული ვარ, მას შეუთანხმებენ. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. კარგად ვიცით, რომ რამდენიმე ფრაქცია და დაჯგუფებაა. ვინც გაიმარჯვებს, მათთან ექნება კონტაქტი. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს დაპირისპირება ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, ამაში დარწმუნებული ვარ.

„ქართული ოცნების“ დიდი მკვლევარი არ ვარ, ყველა ვხედავთ, რომ გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ნაკლებად წარმოსადგენია ისიც, რომ გუნდში მარტო ირაკლი კობახიძე იყოს გადაწყვეტილების მიმღები.

„კობახიძეზე გაცილებით ძლიერი ფიგურა მანდ კალაძეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გახარია. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მაგათი მემატიანე კი არ ვარ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი პარტია ჩამოაყალიბოს და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ოპოზიციაში გადავიდეს.

„ასეთ სქემებს ნამდვილად გამოვრიცხავ. არც ისეთი ჯადოქარია ბიძინა ივანიშვილი, რომ ასეთი სქემები დაატრიალოს. შეიძლება პარტია შექმნას თავისი ყურმოჭრილი ყმების და ვითომ ოპოზიციონერების, მაგრამ ხალხი არც ისეთი იოლი მოსატყუებელია, რომ ტყუილი ოპოზიციონერები გამოჭენდებიან ასპარეზზე და საზოგადოება თავს მოიტყუებს. შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ასეთ სქემებს ნამდვილად გამოვრიცხავ. რაც შეეხება „ქარაქუცას“, ყველას აქვს შეფასების უფლება. როგორც ჩანს, ტერმინებს მე დამესესხა. ოპოზიციური პარტია ქარაქუცაა, ძლიერია თუ ნაკლებად ძლიერი, ამას ამომრჩეველი წყვეტს და არა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის გემოვნება არ არის გადამწყვეტი, ოპოზიციური პარტიიდან რომელი არის ძლიერი და რომელი ქარაქუცა. ხალხი წყვეტს არჩევნებზე და ჩვენი მთავარი დარდიც ეს არის, რომ არჩევნები არჩევნებს ჰგავდეს და ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს, მართლა არ დარჩეს ერთი მხრივ, ივანიშვილის და მეორე მხრივ, სააკაშვილის სათამაშოდ. არც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი აჩვენებს პარტიის სიძლიერეს. ჩემთვის პარლამენტში შესვლის საკითხი ასე დგას, რომ ვინც ხედავს მოლაპარაკება არ შეიძლება ჩაიშალოს, რადგან სერიოზული რამე შეგვიძლია გამოვგლიჯოთ „ქართულ ოცნებას“ და ძალიან სერიოზული ფასი შეგვიძლია გადავახდევნოთ ელჩების დახმარებით გაყალბებული არჩევნებისთვის - სერიოზული ფასია ის, რომ არჩევნებმა ერთხელ და სამუდამოდ ნდობა და შინაარსი დაიბრუნოს. ჩემთვის ეს პარტიის სიძლიერე კი არ არის, გამბედაობა და პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მეხუთე რაუნდს, როგორც ელისაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ის იანვრის ბოლოს შედგება. ამასთან, მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება მიიღწევა, ელისაშვილის პარტია მზად არის პარლამენტში შევიდეს.

„ობიექტური მიზეზებითაც გაიწელა ეს დრო. საშობაო არდადეგები და ახალი წელი იყო. სავარაუდოდ, ალბათ, იანვრის ბოლოსკენ შედგება შეხვედრა, მაგრამ მინდა ეს შეხვედრა იყოს არა იმისთვის, რომ მე-6 რაუნდი დავგეგმოთ და თარიღი განვსაზღვროთ, არამედ იმისთვის, რომ რეალური შედეგი დადგეს, რომ ხელი მოეწეროს შეთანხმებას, გაირკვეს პოლიტპატიმრების საკითხი, გაირკვეს საარჩევნო სისტემის და რეფორმების საკითხი, გაირკვეს ან არ გაირკვეს არჩევნების თარიღი. ჩვენი პარტია მზად ვართ, რომ იმაზე, რაზეც „ქართულ ოცნებას“ უკან დავახევინეთ, თუ შეთანხმება შედგა, ხელმოწერები თუ იქნება, მზად ვართ ჩვენც მოვაწეროთ ხელი, ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევიდეთ პარლამენტში“, - განაცხადა ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ იქნება; მისი მაქსიმალური აქტიურობა კი, არჩევნებზე მისვლა და თავისი პოზიციის დაფიქსირება იქნება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, პოლიტიკურ თემაზე ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება. როგორც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, „უახლოესი 4-5 წელიწადი "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა; ქართული საზოგადოება კი იმდენად მომწიფდა, რომ „ქარაქუცა პარტიებით „ქართულ ოცნებას აღარ ჩაანაცვლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო