ბადრი ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადება პრაქტიკულად, მისი ეპოქის დასასრულია ქართულ პოლიტიკაში, თუ გავლენის და კონტროლის გაგრძელებას აპირებს, ეს დანაშაულის ტოლფასი იქნება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკაში მისი ეპოქის დასასრულია.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ივანიშვილმა საკუთარი განცხადებით სახელმწიფო ინსტიტუციებზე მის გავლენას საფუძველი გამოაცალა და თუ ის „ზეგავლენას გააგრძელებს, ეს კრიმინალის ტოლფასი იქნება“.

„ასეთი ფორმით მას ადრე არ განუცხადებია წასვლასთან დაკავშირებით. ის გავიდა წევრობიდანაც. ის, რომ საერთოდ არანაირი კომუნიკაცია არ ექნება ყოფილ თანაპარტიელებთან, ადრე ასეთი რაღაც არ უთქვამს. გამომდინარე ძველი გამოცდილებიდან, მის სიტყვას შეიძლება კაცი არ ენდოს იმიტომ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მან თქვა ერთი და გააკეთა - მეორე. მესმის ოპოზიციის სკეპტიციზმი. მაგრამ ჩემთვის მისი განცხადება არის პრაქტიკულად მისი ეპოქის დასასრული ქართულ პოლიტიკაში. მან ამ განცხადების შემდგომ ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძველი გამოაცალა მის ზეგავლენას იმ ინსტიტუციებზე, რომელსაც ვაკვირდებით ამ წლების განმავლობაში.

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ქვეყნისთვის და ქართული პოლიტიკისთვის კარგია იმიტომ, რომ მან დაამკვიდრა ჩრდილოვანი მართვის პრაქტიკა. პრაქტიკა, როდესაც ის არ ჩანდა და სინამდვილეში აკონტროლებდა და ერეოდა უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციების მართვაში. ასეთი ტიპის მართვის დასასრული ქართულ პოლიტიკაში არის პოზიტიური მოვლენა. თუ ის აპირებს გავლენის და კონტროლის გაგრძელებას, ამის ლეგიტიმური საფუძველი თვითონ გამოაცალა ამას, და ეს იქნება დანაშაულის ტოლფასი იმიტომ, რომ ადამიანს აღარ აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, აღარ არის პარტიის წევრი და აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეგავლენას, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. მანამდე იყო ჩრდილოვანი მართვა, მაგრამ მეტ-ნაკლებად არგუმენტი არსებობდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პარლამეტში უმრავლესობა და შესაბამისად, უმრავლესობის წარმომდგენი პარტიის თავმჯდომარის გავლენა პოლიტიკაზე არის ლოგიკური და ლეგიტიმური. მისი განცხადების შემდგომ ეს საფუძველი გამოეცალა მის ზეგავლენას, ანუ ის თუ გააგძელებს ზეგავლენას, ეს კრიმინალის ტოლფასი იქნება“,- განაცახდა ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს