თენგიზ ცერცვაძე - საქართველოსთვის იდეალური “ასტრაზენეკას“ ვაქცინაა, ამიტომ ძირითადი ძალისხმევა მის შემოტანაზეა მიმართული

საქართველოსთვის ოპტიმალური და იდეალური “ასტრაზენეკას“ ვაქცინაა, ამიტომ ძირითადი ძალისხმევა “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანაზეა მიმართული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში “ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა მცირე რაოდენობით, რაც არის რამდენიმე ათეული ათასი დოზა.

“დღევანდელი მდგომარეობა, არის შემდეგი - მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა იმ მწარმოებელთან და ქვეყანასთან, ვის ვაქცინასაც მიღებული აქვს რომელიმე ავტორიტეტული ქვეყნის მარეგულირებლის პრეკვალიფიკაცია ან კიდევ უკეთესი - ჯანმოს პრეკვალიფიკაცია. ჯერჯერობით ასეთი ვაქცინა არის სამი: “ფაიზერი“, “მოდერნა“ და “ასტრაზენეკა“. სხვა ყველა ვაქცინა რიგშია და არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდია. ისინი ასპარეზზე გვიან გამოვიდნენ და ელოდებიან რიგს, როცა ამ რეკომენდაციას მიიღებენ. საქართველოში დაახლოებით ალბათ ერთ თვეში “ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, მცირე რაოდენობით. შემოვა რამდენიმე ათეული ათასი დოზა. ეს იმიტომ, რომ “ფაიზერის“ ვაქცინა ბაზარზე ძალიან ცოტაა და მისი შოვნა ძნელია. გარდა ამისა, მას შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება. საქართველოს ასეთი პირობების შექმნა რამდენიმე ათეული ათასი - 100-200 ათასი ვაქცინისთვის შეუძლია. მილიონი ვაქცინა რომც შემოგვთავაზონ, ლოჯისტიკა შეუძლებელი იქნება. მინუს 80 გრადუსიანი მაცივრები ჯანდაცვის სისტემას მხოლოდ სამ ქალაქში აქვს. ამიტომ იგეგმება, რომ თავიდან “ფაიზერის“ მცირე პარტია შემოვიდეს და ვაქცინაცია ჩაუტარდეთ მხოლოდ მედიცინის მუშაკებსა და მაღალი რისკის ჯგუფებს, გარკვეული ასაკის ზემოთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამის შემდეგ, დაახლოებით მარტისთვის, საქართველოში ვაქცინის ძირითადი რაოდენობა შემოვა.

“ჯერ გადაწყვეტილი არ არის რომელი იქნება. ჩვენი სურვილია, “ასტრაზენეკა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ვაქცინა, რადგან ჩემი ინფორმაციით, ეს ვაქცინა არის ყველაზე უკეთესი ხარისხის ვაქცინა და თავისუფალია იმ უხერხულობისგან, რაც “ფაიზერსა“ და “მოდერნას“ ახასიათებს ანუ მას არ სჭირდება არც მინუს 80 და არც მინუსს 20. ის ინახება მაცივარში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. “ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოსთვის არის ოპტიმალური და იდეალური. ამიტომ ძირითადი ძალისხმევა “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანაზე მიდის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი