შემოქმედელი მიტროპოლიტი - სამღვდელოება ჩავიდა ბუკნარში ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში - საუბარმა შედეგი გამოიღო, მეორე დღეს მოხდა შერიგება

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მიტროპოლიტი იოსები აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ 13 იანვარს სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები ჩასვლას აპირებდნენ, ადგილზე ვითარების განსამუხტად სამღვდელოება გაგზავნეს.

„სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან - ზოტიდან და სხვა სოფლებიდან - 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად, რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში.

საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება“, - აღნიშნულია შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.

იხილეთ ვიდეო: შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა