ევრაზიის საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის პროგრამის მეცნიერ-თანამშრომელი - აშშ-ს სამხედრო ძალების საქართველოში წარმოდგენა რუსეთის შეჩერებასა და ირანის გაკონტროლებას შეუწყობდა ხელს

ევრაზიის საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის პროგრამის მეცნიერ-თანამშრომელმა მირო ფოფხაძემ Washington Examiner-ში საქართველოში აშშ-ის სამხედრო და საჰაერო ძალების განთავსებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა.

ექსპერტი მიმოიხილავს ირანისა და აშშ-ის ურთიერთობებს, ამასთან, რუსეთის გავლენებს თავის მეზობელ ქვეყნებში და საუბრობს არსებულ ვითარებაში აშშ-ის მნიშვნელოვან როლზე. მისი თქმით, არსებული კონფლიქტები აშშ-ს კიდევ უფრო მეტად აიძულებს, შუა აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდოს.

„ეს მოვლენები სამეზობლოს მიმართ რუსეთის მხრიდან მუდმივი აგრესიისა და შეჭრის ფონზე ვითარდება. 2020 წლის ნოემბერში რუსეთმა მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტით ისარგებლა და აზერბაიჯანში 2 000 ჯარისკაცი - ე.წ სამშვიდობოები შეიყვანა. ეს ნიშნავს რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლობის გაფართოებას სამხრეთ კავკასიის მესამე და უკანასკნელ ქვეყანაში, რომელმაც აღნიშნულს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 27 წელი თავი წარმატებით აარიდა. რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერების ფონზე, რუსეთი აპირებს აშშ-ს სამხრეთ კავკასიიდან გაძევებასა და მაგისტრალების სტრატეგიული ჰაბის, ნავთობისა და გაზისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიტაცებას - სტრატეგიული კვანძი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და მისი ბაზარი 2.3 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს.

ვაშინგტონმა ამ ყველაფერს საქართველოში სამხედრო და საჰაერო ძალების განლაგებით უნდა უპასუხოს. ეს ხელს შეუშლის რუსულ აგრესიას, გააკონტროლებს ირანის ძალისმიერ ქცევას და შექმნის მეგობრულ ადგილს იმისათვის, რომ შუა აზიაში ძალადობრივ ექსტრემიზმს ებრძოლოს”, - აღნიშნავს მირო ფოფხაძე.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ შუა აზიური ქვეყნების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს შეუძლია აშშ გაუმკლავდეს, თუ საქართველოს ალტერნატივად ჩათვლის.

„საქართველოში წარმოდგენლია საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული და აშშ-ს მიერ განახლებული სამხედრო ინფრასტრუქტურა - აეროპორტები, სამხედრო ბაზები, სასწავლო ცენტრები, საავადმყოფოები, სარეაბილიტაციო ცენტრები და რაც მთავარია, სტრატეგიული გეოგრაფია. როცა შეერთებული შტატები თანდათან დაშორდება დიდ, მონოლითურ და ცენტრალიზებულ სამხედრო ბაზების სისტემებს და გადაინაცვლებს მცირე, განაწილებულ და უფრო ადაპტირებულ ქსელში, მან უნდა ისარგებლოს ვაზიანის სამხედრო ბაზის უპირატესობით და უცხოურ არქიტექტურაში საქართველოს ინტეგრაციაც უნდა მოახდინოს. შუა აღმოსავლეთსა და ავღანეთს შორის, ეს აშშ-სთვის იდეალური ადგილია მარაგების შესანახად და იმ ძალების შესანარჩუნებლად, რომლებსაც შეუძლიათ, სახელმწიფო მოწინააღმდეგეებსა და ტერორისტულ საფრთხეებზე სწრაფად მოახდინონ რეაგირება“, - განმარტავს მირო ფოფხაძე.

ის ასევე ეხმაურება ანაკლიის პორტის საკითხსაც და აშშ-სთვის მის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ უკვე აჩვენა თავისი მაღალი ღირებულება და სტრატეგიული მნიშვნელობა ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელის საქმიანობაში თავისი წვლილის შეტანით, ავღანეთში ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციების მომარაგებაში გადამწყვეტი როლის შესრულებაში“, - აღნიშნა მან.

მირო ფოფხაძემ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების საკითხზე მსჯელობისას მოიშველია Edison Research-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 64% აღნიშნულს მხარს უჭერს.

ექსპერტის თქმით, იზოლაციონიზმის ამერიკელ მხარდამჭერებს შეიძლება ეშინოდეთ, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ნაკადის გაზრდამ რუსეთთან პირდაპირი შეტაკება არ გამოიწვიოს, თუმცა ამერიკის ტექნოლოგიური და სამხედრო შესაძლებლობებიის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამერიკას საქართველოში განთავსებული სამხედრო ბაზის გამო გამოიწვევს.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის