სოფიო შამანიდი - ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს „ქართული ოცნების” მართვის მახინჯ ფორმებზე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობას ეჭვქვეშ აყენებს

ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს „ქართული ოცნების” მართვის მახინჯ ფორმებზე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობას ეჭვქვეშ აყენებს, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა სოფიო შამანიდმა ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შამანიდმა მოუწოდა “ქართულ ოცნებას”, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას.

„გუშინ განვითარებული მოვლენები არის იმის შედეგი, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელსაც წარსულში ჰქონდა ადგილი, არ იყო გამოძიებული და რაც მთავარია, გაანალიზებული. არ იქნა გამოძიებული მოხეს, ჭელას, ნიგვზიანის, სამთაწყაროს ინციდენტები და რაც მთავარია არ იყო გაანალიზებული ის პრობლემა თუ რატომ ხდება ჩვენთან ასეთი ფაქტები. რატომ არ იქნა გამოძიებული?! იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს მსგავს ინციდენტებზე რეაგირება და ცდილობს მხოლოდ პრობლემის მიჩქმალვას. რატომ არ იყო გაანალიზებული?! იმიტომ, რომ ის სტრუქტურა, რომელიც თითქოს და ამას უნდა აკეთებდეს დაკომპლექტებულია სუს-ის თანამშრომლებით, რომლებსაც ვშიშობ, რომ არ აქვთ ანალიზის უნარი და რომლებიც უმცირესობებს აღიქვამენ ქვეყნის უსაფრთხოების ჭრილში - ეს რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავის ერთ-ერთ ანგარიშში აქვს ნათქვამი. მოვუწოდებ „ქართული ოცნების” მთავრობას პირველ რიგში მყისიერად დაუყოვნებლივ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ თავიდან ააცილოს მოსახლეობას დაპირისპირება, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, ამასთანავე დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა აღასრულონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. “ქართული ოცნების” უმოქმედობა ახალისებს აგრესიას, დაპირისპირებას და ქმნის მომავალში მსგავსი ფაქტების გამეორების საშიშროებას”, - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

ამასთან, “ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი სიორიძე აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გურიის რწმუნებული სრულ პასუხისმგებლობას თვითონ მოსახლეობას აკისრებს.

“გუშინ გვიან საღამოს გავრცელდა გურიის რეგიონში საქართველოს მთავრობის რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას განცხადება, რომლითაც მან ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა კონფლიქტი და შეიძლება ითქვას, რომ გუბერნატორმა ამ განცხადებით ჩვენ გვითხრა, რომ სახელმწიფო ხელებს იბანს და ნებისმიერი ესკალაციის თავიდან აცილებაზე სრულ პასუხისმგელობას თვითონ მოსახლეობას აკისრებს”, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო