ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ელისაშვილი შევა პარლამენტში ყოველგვარი წინადადებების გარეშე - შეიძლება მე სხვა პრიორიტეტები მქონდეს, მაგრამ ალეკოს ასეთი პრიორიტეტები აქვს და ამაში არაფერია ტრაგიკული

რაღაც დრო რომ გავიდეს და ვიღაცები თუნდაც შევიდნენ პარლამენტში ან ვიღაცები შეიტყუონ, ეს არაფერს არ ცვლის, შემდგარი ფაქტია, რომ ეს პარლამენტი არის კარიკატურა, ბოიკოტი უკვე შედგა,- ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ალეკო ელისაშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში გაკეთულ განცხადებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რომელიმე პარტიის პარლამენტში შესვლა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ვერ განტვირთავს, რადგან კრიზისი განპირობებულია არა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტით, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის იმედგაცრუებით, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის იმედი ჰქონდა, თუმცა ამ არჩევნებით აღნიშნული შედეგი ვერ მიიღო.

„ზოგადად, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ტრაგიკულად არ ვუყურებ იმას, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ან პარტიებმა გადაწყვიტონ პარლამენტში შესვლა. პირველ რიგში, არ მჯერა, რომ ალეკო ელისაშვილი შევა პარლამენტში ყოველგვარი წინადადებების გარეშე, მაშინ აქამდეც შევიდოდა. ის ამბობს, რომ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო წესების ცვლილება, რომ ფიქრობს, ამაში ღირს მისი ბოიკოტის გაცვლა და მგონია, რომ ეს ნორმალურია. შეიძლება ჩემთვის არ ღირდეს და სხვა პრიორიტეტები მქონდეს, მაგრამ ალეკოს ასეთი პრიორიტეტები აქვს და ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. უბრალოდ მე არ მგონია, რომ პარლამენტში შესვლამ განტვირთოს ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი იმის გამო კი არ გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის რეჟიმში არიან, კრიზისი გვაქვს იმის გამო, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ელოდებოდა ამ არჩევნების შედეგად სიახლესა და ცვლილებებს და ამ ცვლილებების იმედის შანსი ჩნდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა. ახლა მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის იმედგაცრუებული, რომ დაკარგა ეს შანსი და ხელისუფლებამ უთხრა, რომ არ გაქვთ ამ იმედის უფლებაო, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში და შესაბამისად, გავაგრძელებთ ისევ ისე, როგორც აქამდე ვიყავითო. აქ არის ჩემი აზრით პოლიტიკური კრიზისის საფუძვლები, ამ ადამიანების ტვინებსა და გულებში, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამას ვერ განტვირთავს ის, რომ რომელიღაც პარტია შევა პარლამენტში,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქით, ამ სურათის შეცვლის ერთადერთი შანსია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს რეალური შეთანხმების გზით, რომლის შანსიც მოლაპარაკების მაგიდასთან ჩნდება.

ცნობისთვის, ელისაშვილის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა.

„პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“, -განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა