ანა ნაცვლიშვილი - ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, უნდა თქვას: „მინდა შესვლა და შევდივარ“, ეს  უფრო გულწრფელი იქნება, ვიდრე ილუზიის შექმნა, რასაც ელისაშვილი აკეთებდა, რომ რაღაცას გამოსტაცებს „ქართულ ოცნებას“

რაღაც გამართლებების ძიება, მე ვფიქრობ, აქ უადგილოა, ქვეყანა, რომ თავზე დაგვექცა, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვისაც პარლამენტში შესვლა სურს, ამის შესახებ პირდაპირ ყოველგვარი მიზეზების ძიების გარეშე უნდა განაცხადოს და ეს მეტად გასაგები და გულწრფელი იქნება საზოგადოების თვალში.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ვერავითარ მნიშვნელოვან შედეგს ვერ „გამოგლეჯს“.

„ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და ყველა თვითონ არის პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მორალური პოლიციის როლი შევასრულო, თუ უნდა შესვლა - შევა. რაღაც გამართლებების ძიება, მე ვფიქრობ, აქ უადგილოა, ქვეყანა რომ თავზე დაგვექცა, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ, თორემ ვიქნებოდი მე ჩემს პროფესიაში და ბევრი სხვა პოლიტიკური ლიდერი იქნებოდა თავის პროფესიაში და საერთოდ, უფრო მშვიდი ცხოვრების სტილს მოძებნიდა ბევრი ადამიანი, არ ვიქნებოდით ქართულ პოლიტიკაში ამ კრიზისულ ვითარებაში. ამიტომ, რაღაც გამართლებების ძიება, ჩემი აზრით, უადგილოა. პირდაპირ, ვისაც უნდა შესვლა, უნდა თქვას, რომ მინდა შესვლა და შევდივარ და, ჩემი აზრით, ეს უფრო გასაგები და გულწრფელი იქნება საზოგადოებასთან, ვიდრე იმ ილუზიის შექმნა, რომ ორი კაცი თუ შევა პარლამენტში, თან ყველა იმ წინა პერიპეტიების გათვალისწინებით, რა განცხადებებსაც ალეკო ელისაშვილი აკეთებდა ამ პერიოდის განმავლობაში, რომ რაღაცას „გამოსტაცებს“ „ქართულ ოცნებას“ - ეს ხომ არასერიოზულია და აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას.

როგორ წარმოგიდგენიათ რა შეიძლება გამოგლიჯოს 4-მა დეპუტატმა ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეს ხომ სრულიად არარეალისტურია, იმ უცნაური თანხვდერის გათვალისწინებით, რაც ელისაშვილის "მესიჯბოქსს" გააჩნია, ბოლო პერიოდის განმავლობაში, თავად „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსთან, რის გამოლეჯვასთან შეიძლება აქ იყოს საუბარი?!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის მწყობრი და გააზრებული ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ელისაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხვი ვერ იქნება განმსაზღვრელი „ლელოსთვის“.

„შეცვლის თუ არა ეს ოპოზიციისთვის რამეს? -გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც ჩვენ ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას, სხვებს არ ვუყურებდით. რა თქმა უნდა, სხვა ოპოზიციური პარტიების აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში არ გვიფიქრია, სხვები რას იფიქრებენ. ყველა იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ალეკო შევა თუ გამოვა, ჩვენთვის ეს ფაქტორი არ იქნება. ჩვენ თავთან და ჩვენს ამომრჩეველთან უნდა ვიყოთ მართლები, რა გზა იქნება უფრო სწორი და ეფექტური იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც ამ ქვეყანას სჭირდება. ცხადია, რომ ერთპარტიული პარლამენტი არის სერიოზული პრობლემა და აჩვენებს სერიოზულ გაჭედილობას, მაგრამ, როდესაც მძიმე სნეულებით არის შეპყრობილი სახელმწიფო, ჯობია, იყოს ამ სნეულების სახელდება, ვიდრე რაღაც ტკივილგამაყუჩებლების მოძებნა,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა