ლევან იოსელიანი იაგო ხვიჩიას განცხადებაზე - გვგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ამაზე ლაპარაკის რესურსი არსებობს

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, არსებობს რესურსი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრონ.

როგორც იოსელიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული იდეის საწინააღმდეგოდ განცხადებები არ გაუკეთებია.

„ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის და არა ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ვამბობთ, რომ ვადამდელი არჩევნები კი, ბატონო, მაგრამ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია. ამიტომ ამ იდეის, ვადამდელი არჩევნების გარშემო დავიწყოთ კონსულტაციები და ეს დავუკავშიროთ თვითმმართველობის არჩევნებს, ამით მივიდეთ სალაპარაკოდ. ჩვენ გვგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ამაზე ლაპარაკის რესურსი არსებობს იმიტომ, რომ მათი განცხადებები ამ იდეის საწინააღმდეგოდ გადაჭრით არ ყოფილა. როგორც ვადამდელზე ამბობდნენ, რომ არც განვიხილავთ, ამის მიმართ არ ყოფილა ასეთი დამოკიდებულება, რაც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათთან ამ საკითხზე იყოს კონსულტაციები“,- განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ „თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი არის მოგონილი კამპანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრზე წნეხისთვის“, იოსელიანი ამბობს, რომ ბოკერიას აზრები „არ აინტერესებს“. მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ალეკო ელისაშვილი „ევროპულ საქართველოსთან“ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ის მაინც წავა.

გიგა ბოკერიას ცხელ-ცხელი აზრები მე ნაკლებად მაინტერესებს, მე მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვისაც აქვს მანდატი. მგონია, იქ არიან ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება მისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ. ვიცნობ რამდენიმე მათგანს და ვიცი, რომ შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ. ის, რომ „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას აპირებს, ამას უარყოფენ. პირადადაც აქვთ შეხვედრაზე ეს ნათქვამი და არასდროს უთქვამთ, რომ ამ არჩევნებსაც ბოიკოტს უცხადებენ. თუ აპირებენ მონაწილეობის მიღებას „ევროპული საქართველო“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ეს არჩევნები დავუკავშიროთ ამ პრობლემის გადაწყვეტასაც. თუ ვერაფერზე ვერ მოვილაპარაკებთ და იმ არჩევნების მიმართაც დარჩება კითხვები, მერე კიდევ ბოიკოტი გამოვუცხადოთ? რა გავაკეთოთ?“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში „მოქალაქეები“ და „გირჩი“არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ცალკ-ცალკე შეხვდება და ჩიხიდან გამოსავლის გზებზე ესაუბრება. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზება იქნება „გირჩის“ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ ჯამურად მმართველ გუნდს მოუგო, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს