კახა კალაძე - არჩევნების გაყალბებაზე საუბარი იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი

თბილისის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არის ძალიან დიდი სიცრუე და იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც, მისივე შეფასებით, „უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი“. ამის შესახებ კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გაუგონარია“ ოპოზიციის ბრალდებები და თუ არჩევნები გაყალბდა, რაღაც მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რაც მათ არ წარმოუდგენიათ.

„ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს და ყოველთვის მზაობას გამოვხატავდით მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ მოლაპარაკებებისთვის ისეთი საკითხის დაყენება, რომელზეც თავიდანვე იცი, რომ ვერ შედგება, გამოდის, შენ მიზანმიმართულად აკეთებ ამას, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს; ვგულისხმობ არჩევნების საკითხს. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, მიზანმიმართულად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, იყო დარღვევები. მიუხედავად იმისა, რომ მთელმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასა 2020 წელს ჩატარებული არჩევნები, ადგილობრივი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ თითქოს ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ გავაყალბეთ არჩევნები და ის შედეგები, რომელიც დაიდო არ ასახავდა რეალობას. გაუგონარია ეს ყველაფერი. თუ არჩევნები გაყალბდა რაღაც მტკიცებულება ხომ უნდა იყოს? მაგრამ არაფერი წარმოუდგენიათ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პროცესები, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარდა აგებულია სიტყვაზე „თითქოს“.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, კრიმინალ სააკაშვილთან იყო დაწერილი. ეს ამ პროცესის ნაწილია. უნდა მომხდარიყო მიზანმიმართულად ამ ყველაფრის აგორება, ხალხის გამოყვანა, ხალხი უნდა დაემუხტათ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ჩვენ რას ვეუბნებით ამ ადამიანებს - შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ჩავრთოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაიხსნას ყველა უბანი, ვნახოთ ბიულეტენი, იქნებ ვიღაცას მოპარული აქვს ეს არჩევნები. ვაყენებთ პირობას, თუ ერთი პროცენტი მაინც იქნება არასწორი, ჩვენს სასარგებლოდ, მეორე დღესვე გამოვდივართ და ვნიშნავთ ახალ არჩევნებს. ამაზეც არ მოდიან და არ არიან თანახმა. მზად ვართ საარჩევნო უბნების კამერების ჩანაწერებიც გადავცეთ და ნახონ, შეამოწმონ. როდესაც საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, ვეუბნებით, მოდი, ერთად ვნახოთ, იქნებ ვიღაცამ რაღაცა იმაიმუნა და მართლა „ოცნების“ სასარგებლოდ არის გაყალბებული. გავხსნათ და დავთვალოთ ბიულეტენები, ყველა უბანი ვნახოთ. თუ 1% მაინც არის გადაცდომა გამოვდივართ ინიციატივით, არჩევნები თავიდან ჩავატაროთ“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ვინც არჩევნებში ბარიერი გადალახა, მმართველ გუნდს კარი არავისთვის დაუხურავს.

„შემოვიდნენ პარლამენტში და იქ გააგრძელონ ოპონირება. ეს ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობაა მათთვის, რაც საზოგადოებამ მისცა“, - განაცხადა კალაძემ.

გადაცემა "დღის ნიუსრუმის " სრული ვერსია

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია