სალომე სამადაშვილი - ხელფასი ერიცხებათ იმ ოპოზიციონერებს, ვისი მონაცემებიც პარლამენტს აქვს, ჩვენი გადაწყვეტილებაა, თანხების განკარგვა შეჯერებული გეგმით მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელფასებს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის იმ ოპოზიციონერ წევრებს ერიცხებათ, ვისაც მანდატი ახლაც აქვთ, პარტია გამოიყენებს და ერთობლივად განკარგავენ.

როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ტექნიკურად არ არსებობს საშუალება, რომ აღნიშნული თანხები ბიუჯეტში გადარიცხონ, რადგან უკან უბრუნდებათ.

მისივე თქმით, ამის შესახებ ოპოზიციაში „ყველა საქმის კურსში იყო“.

„ვადასტურებ, რომ ავტომატურ რეჟიმში ერიცხებათ ხელფასი იმ ადამიანებს, ვისი მონაცემებიც პარლამენტს აქვს. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ამ თანხების განკარგვა მოხდეს შესაბამისი მიზნით, ერთობლივად შეჯერებული გეგმით. ამ თანხის ბიუჯეტში დაბრუნება იწვევს იმას, რომ ისევ უკან გირიცხავენ, ამიტომ სხვა მექანიზმია მოსაფიქრებელი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის აპარატმა ოპოზიციონერების ნაწილისთვის სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელფასი, კანონის დაცვით, მხოლოდ მათ ჩაერიცხათ, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და მათი რეკვიზიტები სისტემაში დაფიქსირებული იყო.

„გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია. რაც შეეხება იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა. ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს“, -აღნიშულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა