ადვოკატი - მცდელობა, ექსპერტიზის დასკვნები წარმოეჩინათ იმის დასადასტურებლად, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე მასზე განხორციელდა ძალადობა, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების წარმოშობა/განვითარება არ გამორიცხეს, რომ 1.15 მეტრზე უფრო დაბალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად იყოს მიყენებული, ან ნებისმიერ საგანზე და ნივთზე შეჯახების შედეგად, მათ შორის ე.წ. შემთხვევის ადგილზე განთავსებულ სხვადასხვა საგნებზე შეჯახებისას; ასევე, მდინარე არაგვში არსებულ სხვადასხვა საგნებზე შეჯახების შედეგად. ამის შესახებ შოთა კახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კახიძე ამბობს, პროკურატურისა და სხვა დაინტერესებული პირების მცდელობა ექსპერტიზის დასკვნები წარმოეჩინათ იმის დასადასტურებლად, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე მასზე განხორციელდა ძალადობა, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა.

„გუშინ, 15 იანვარს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიკითხნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, რომლებიც კომისიურად სწავლობდნენ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობას. ექსპერტებმა არ გამორიცხეს გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების წარმოშობა/განვითარება: 1. 15 მეტრზე უფრო დაბალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად; 2. ნებისმიერ საგანზე ან ნივთზე შეჯახების შედეგად, მათ შორის ე.წ. შემთხვევის ადგილზე განთავსებულ სხვადასხვა საგნებზე შეჯახებისას; 3. მდინარე არაგვში არსებულ სხვადასხვა საგნებზე შეჯახების შედეგად;

აღსანიშნავნია, რომ ექსპერტებმა შეისწავლეს მხოლოდ გამომძიებლის მიერ მითითებული ადგილი და სხვა მიმდებარე ტერიტორია არ შეუსწავლიათ. შესაბამისად არ გამორიცხეს ამ დაზიანებების განვითარება სხვა ადგილას.

ამდენად, პროკურატურისა და სხვა დაინტერესებული პირების მცდელობა ექსპერტიზის დასკვნები წარმოეჩინათ იმის დასადასტურებლად, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე მასზე განხორციელდა ძალადობა, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს