ანა ნაცვლიშვილი - ყრილობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ "ოცნება" წარსულია, ძალიან  უღიმღამო შეკრება იყო - იმ ხალხსაც კი, ვინც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას", მიტოვებული და დემორალიზებული ჯგუფი შერჩა ხელში

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოზე ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, განასახიერებს ამბავს, რომ "ქართული ოცნება" წარსულის პარტიაა და ქვეყანაში ახალი ძალების დრო დგება. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ კობახიძის არჩევა აბსოლუტურად ფორმალური იყო, რადგან მას კონკურენტიც კი არ დაუყენეს, ხოლო იქ მიწვეული დელეგატები, მხოლოდ ერთი როლისთვის იყვნენ "დაძახებული" - ხელის აწევისათვის.

მისივე თქმით, გუშინდელი ყრილობა ძალიან უღიმღამო იყო და იმ ხალხმაც კი, რომელმაც ხმა "ქართულ ოცნებას" თავისი ნებით მისცა, მიტოვებული და დემორალიზებული ჯგუფი შერჩა ხელში, რომელსაც არანაირი მომავლის ხედვა არ გააჩნია.

"გუშინდელმა ყრილობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ "ოცნება" ეს წარსულია. პოლიტიკური დრო დგება ახალი ძალებისა და ხედვის. პირველ რიგში, ძალიან უღიმღამო შეკრება იყო. არჩევნებიდან 2 თვეში, იმ ხალხმაც კი ვინც თავისი ნებით მისცა "ქართულ ოცნებას" ხმა მიტოვებული და დემორალიზებული ჯგუფი შერჩა ხელში, რომელსაც არანაირი მომავლის ხედვა არ გააჩნია. ჩვენ ვნახეთ, რომ კობახიძის არჩევა აბსოლუტურად ფორმალური იყო, მას ფორმალურადაც კი კონკურენტი არ დაუყენეს და იქ მიწვეული დელეგატები, მხოლოდ ერთი როლისთვის იყვნენ დაძახებული - ხელის აწევისათვის. ყველაფერი მოხდა ისე, რომ პარტიის უკვე წასულმა თავმჯდომარემ არანაირი ანგარიშიც კი თავის საკუთარ პარტიას, პარტიის წევრებს, იმ ხალხს, ვისზეც ის დგას არ წარუდგინა. ქვეყანასაც ასე მართავენ, როდის გვინახავს ანგარიში ჩაებარებინათ?! მიმავალმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ თავისი თანაგუნდელებს მაინც დალაპარაკებოდა, წასვლის წინ და მათთვის ეთქვა: რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა. ხოლო ახალი თავმჯდომარე ისე აირჩიეს, რომ მას არც თვითონ გაუჩნდა სურვილი და არც რომელიმე წევრს, არც წარმოადგინეს, სანამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩევდნენ, ფორმალურად მაინც ესაუბრათ, რომ ხედვა წარმოედგინათ. მე მოსამართლეთა კონფერენციას დავსწრებივარ და მაგის მერე საბჭოთა კავშირს თუ რამე გამახსენებდა ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ გუშინდელი დღე ნამდვილად ასეთი იყო. ეს პარტია წარსულია, მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ვასილ მაღლაფერიძის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მოვლენა სამარცხვინოა, ხოლო ვახტანგ გომელაურის, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტსაბჭოს წევრობა კი არაეთიკური.

"პოლიტსაბჭოს ორ წევრზე გავამახვილებდი ყურადღებას ესაა - გომელაური და მაღლაფერიძე. ეს ადამიანები ერთი ახლო წარსულში და ერთიც ახლა ხელმძღვანელობს იმ უმნიშვნელოვანეს უწყებას, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოქალაქეების ხელში ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა იყოს. ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელი იყო 2017 წლიდან მოყოლებული. ანუ იყო სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი უპირველესი საშუალებაა მოქალაქე სრულად ინფორმირებული გახდეს, ხელისუფლების კონტროლი აწარმოოს. ახლა მე ამოვიღე ციფრები და გეტყვით, საზოგადოებრივი მაუწყებელს მარტო 2020 წელს 68 700 000 დაფინანსება მიიღო მხოლოდ ბიუჯეტიდან. აი, ასეთი ორგანიზაცია ებარა ამ ადამიანს წლების განმავლობაში. ეს კაცი მაშინ იყო ნეიტრალური, სულ რამდენიმე თვეში კი ისეთი იდეოლოგიური თანხვედრა იპოვა "ქართულ ოცნებასთან", რომ არათუ წევრი გახდა პარტიის, არამედ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მოგვევლინა. ეს აბსოლუტური ცინიზმია! ძალიან სამარცხვინოა!

მეორე გომელაური, დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრია. ჩვენ რას ვხედავთ?! მოქმედი მინისტრი, ქვეყნის პირველი პოლიციელი პოლიტსაბჭოს წევრი ხდება. ანუ როდესაც აქტივისტებს, ოპოზიციის ლიდერებს, ნებისმიერ მშვიდობიან მოქალაქეს, როდესაც პროტესტს გამოხატავს ვის სჯერა, რომ პოლიტსაბჭოს წევრი მის უწყებაში პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს დაიცავს?! არავის არ სჯერა ამის. ამ გუშინდელი ნაბიჯით "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ საერთოდ არ გვაღელვებს, რას ითხოვს ჩვენგან კანონი, პროფესიული ეთიკა, რას ითხოვს ჩვენგან საზოგადოებრივი ინტერესი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ლელო საქართველოსთვის" წევრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოზე წარდგენისა და მისალმების დროს, მათ შორის კალაძის მიერ, ჯერ პრემიერი და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე სახელდებოდა, რაც საპარლამენტო ქვეყანაში ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს.

"აქ არ შეიძლება გაგვახსენდეს საერთაშორისო ორგანიზაციების დიაგნოზი, მათ შორის, ეუთო-ოდირის დასკვნა, რომ "პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზი არის, სულ უფრო და უფრო წაშლილი და ბუნდოვანი".

ასევე თვალში მომხვდა და არ შემიძლია არ აღვნიშნო, წარდგენისა და მისალმების დროს, მათ შორის კალაძის მიერ ჯერ სახელდებოდა პრემიერი და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე. ქვეყანაში იმ მასშტაბის პრობლემებია, ეს თითქოს ნიუანსია, მაგრამ მაინც მომხვდა თვალში და მინდა ვთქვა: ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ფორმალურად პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ხალხის მიერ არჩეული ორგანოს წარმომადგენელია. ხოლო ის იმდენად ნომინალური ფიგურაა, რომ პირველად მისი წარდგენით არც კი არ დაიწყეს. კობახიძე ისევ და ისევ განასახიერებს ამ ამბავს, რომ "ქართული ოცნება" წარსულის პარტიაა და ახალი ძალების დრო დგება. ვინაა კობახიძე?! ქართულ საზოგადოებას შევახსენებ, რომ გავრილოვის სამარცხვინო ღამის გარდა, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს საბოლოოდ ჩაბეტონდა კლანი სასამართლო სისტემაში, რომლის დროსაც საბოლოოდ გამყარდა სამართლებრივ დონეზე უკანონო მოსმენებისა და უკანონო თვალთვალის სისტემა. მას იმ იდეალებთან, რომლითაც "ქართული ოცნება" ბრძოლას იწყებდა არაფერი არ აკავშირებს. კობახიძეს უსამართლობის წინააღმდეგ არ უბრძოლია! არც მომავალთან არაფერი არ აკავშირებს, რადგან საკუთარ თანაგუნდელებს ორი სიტყვა ვერ უთხრა, იმის შესახებ, თუ რას აპირებს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 21 წევრითაა წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: ირაკლი კობახიძე; კახა კალაძე; ვასილ მაღლაფერიძე; გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; მაია ცქიტიშვილი; გიორგი ვოლსკი; ირაკლი ღარიბაშვილი; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახაბერ კუჭავა; ვახტანგ გომელაური; ეკატერინე ტიკარაძე; ივანე მაჭავარიანი; მაკა ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; მარიამ ქვრივიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; სოზარ სუბარი; დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო