გიგა ბოკერია - ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური „კლოუნების“ დიდ არჩევანს შორის ივანიშვილმა შეარჩია ისეთი, რომელიც ყველაზე დიდ სკანდალთან არის ასოცირებული

ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური „კლოუნების“ დიდ არჩევანს შორის ივანიშვილმა შეარჩია ისეთი, რომელიც ყველაზე დიდ სკანდალთან და შეურაცხყოფასთან არის ასოცირებული - „გავრილოვის ღამესთან“ და გავრილოვის მოწვევასთან საქართველოში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან“ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებითაც პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, რადგან ივანიშვილის გარემოცვაში დიდი ხანია პოლიტიკური ფიგურები აღარ არიან.

„ქართული ოცნების” ყრილობა არანაირი თვალსაზრისით არ ყოფილა რაიმე მოულოდნელობა - იგივენაირი შეკრება იყო პოლიტიკური სიძულვილით, სიბრიყვით, მლიქვნელობით, შავრაზმელობით და ფარისევლობით გამორჩეული ადამიანების, როგორიც იყო ტრადიციულად გარემოცვა ივანიშვილის მთელი ამ წლების განმავლობაში. როცა მან პოლიტიკური ფიგურებისგან გაწმინდა მისი გარემოცვა, იქ მხოლოდ ასეთი ხალხი დარჩა - პოლიტიკური არარაობები და პოლიტიკური „კლოუნები“, ხოლო რომელს შეარჩევდნენ მათგან პარტიის თავმჯდომარედ, ეს არსებითად არაფერს ცვლის. თუმცა, თავისთავად ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური კლოუნების დიდ არჩევანს შორის მან შეარჩია ისეთი, რომელიც ბოლო პერიოდში ყველაზე დიდ სკანდალთან და შეურაცხყოფასთან არის ასოცირებული - გავრილოვის ღამესთან და გავრილოვის მოწვევასთან საქართველოში. ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ საჯარო მოწოდებების, მათ შორის გიორგი კანდელაკისგან საჯარო მოწოდებების და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დააბრძანა აფხაზეთის ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილე, კომუნისტური, პროპუტინური ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს დაშლის იდეოლოგი იყო. ამის შემდეგ მას მოუწია გადადგომა, თუმცა, ესეც დააგვიანა. რომ გადამდგარიყო ეს მოვლენები არ მოხდებოდა კერძოდ, გავრილოვის ღამე, თუმცა, მაინც მოუწია გადადგომა, ამაზე თითქოს პასუხისმგებლობაც კი აიღო მაშინ და ახლა პარტიის თავმჯდომარედ ასეთი ადამიანი შეარჩია. მაშინ მოუწია მისი გაწირვა და ახლა ამ ბოღმას გვიზღავს - აქ ჩანს საზოგადოებას როგორი სახიფათო და საზიანო მოვლენასთან გვაქვს საქმე მისი და მისი გარემოცვის სახით მთელი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ივანიშვილს, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კონტროლის ხელიდან გაშვებას აპირებს, ერთადერთი რაც შეიძლება ვიფიქროთ, გარკვეული პანიკის ნიშანი არის ეს, ის ხვდება თავის ოლიგარქიული ყნოსვით პოლიტიკურად როგორი უგუნურიც არ უნდა იყოს, ხედავს რა სარისკო სცენარებია მისთვის პირადად და პასუხისმგებლობას ირიდებს მომავალში ამ შესაძლო სცენარებისგან, ოღონდ ცდება, ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას,“- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილი ცდილობს არჩევნებს აზრი დაუკარგოს და საზოგადოებას წაართვას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის უფლება, რაც ძალიან სახიფათოა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში ვადამდელი არჩევნებია, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ წნეხით მიიღწევა.

„ყველა ლეგიტიმური მეთოდით ქვეყნის შიგნით საზოგადოების და ქვეყნის გარეთ მეგობრების წნეხით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას, რადგან ამის ალტერნატივა ძალიან სახიფათოა. თავისუფალი სამყარო ყოველთვის საბოლოო ჯამში სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მათი მორალური და პრაგმატული ინტერესია, რომ აქ იყოს ძლიერი დემოკრატია, ამ ამოცანის მისაღწევად სწორედ ვადამდელი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. ასევე, ყრილობაზე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს წევრები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს