ზურაბ ბატიაშვილი - ნავალნი არის მაგალითი იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ შეუპოვარი უნდა იყო - მან იცის, რომ ციხეში ჩაჯდომაც სჭირდება ასეთ სიტუაციას და ამაზე შეგნებულად წავიდა

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებით მთავარი ოპოზიციური ფიგურის სახელი განიმტკიცა.

როგორც ბატიაშვილი „ინტერპერსნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ნავალნის ნაბიჯი პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამასთან, მისივე განცხადებით, ახლა მოვლენების განვითარება გარკვეულწილად, ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის პოზიციებზე იქნება დამოკიდებული.

„ნავალნი არის პოლიტიკოსი და კარგად იცის სიტუაცია. იგი შეგნებულად დაბრუნდა რუსეთში. უპირველეს ყოვლისა, ამით მან მთავარი ოპოზიციური ფიგურის სახელი განიმტკიცა. ნავალნიმ იცის, რომ ციხეში ჩაჯდომაც სჭირდება ასეთ სიტუაციას და შეგნებულად წავიდა ამაზე. ციხეში ჩაჯდომაზე წავიდა იმისთვის, რომ ოპოზიციის მთავარ ფიგურად იქცეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით. 20 იანვარი შორს არ არის, ვნახოთ, როგორი მიდგომები ექნებათ ამის მიმართ. პირველი სიგნალები, რაც არის, გახლავთ ის, რომ ბაიდენისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა. სწორედ ერთ-ერთი თემა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში იქნება აქტუალური, იქნება ნავალნის საკითხი და ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ახლა ბაიდენის ეპოქა იწყება მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ბაიდენს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ექნება. რეალურად ნავალნი არის რუსი პოლიტიკოსი და უცხოეთიდან ვერავითარ პროცესებს ვერ განაგებდა, მან ახალი მუხტი შემატა სიტუაციას, ახალი ცეცხლი გააჩინა ბრძოლის და ეს პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ალექსეი ნავალნის ამ ნაბიჯზე რუსი მოქალაქეების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება.

„რუსეთი მრავალმილიონიანი ქვეყანაა და ერთგვაროვანი არ იქნება მათი დამოკიდებულება. ვინც ოპოზიციურად განწყობილია, მათ ლიდერის ეს ნაბიჯი, კიდევ უფრო გაამხნევებს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ შეუპოვარი უნდა იყო პუტინის რეჟიმის მიმართ და ეს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილში ამ გრძნობებს გააღვივებს, მაგრამ არის მეორე, დიდი ნაწილი, რომელიც რეალურად, პუტინს უჭერს მხარს და მათთვის მიუღებელი იქნება ნავალნის ნაბიჯები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა