თორნიკე შარაშენიძე - ჩვენ გვინდა, ნავალნიში დავინახოთ მესია, რომელიც დაშლის რუსეთს - ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რუსი ნაციონალისტები არიან ასეთები

ჩემი აზრით, რუსეთში სიტუაცია თუ არ შეიცვალა და რამე კიდევ თუ არ მოხდა. მარტო ნავალნი ამ სისტემას მარტივად ვერაფერს დააკლებს, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

შარაშენიძის თქმით, ქართველები ალექსეი ნავალნიში მესიას ხედავენ, რომელსაც რუსეთის დაშლა შეუძლია.

„ქართველებს გვჩვევია უკიდურესობები, ამაში სწორედ რუსებს ვგავართ. ჩვენ ახლა გვინდა, რომ ნავალნიში დავინახოთ მესია, რომელიც დაშლის რუსეთს. ჩვენ გვინდა, რომ დაიშალოს რუსეთი და ნავალნიში ვხედავთ მთავარ ინსტრუმენტს. მეორე მხრივ, ბუნებრივია, არის გაღიზიანება, რომ „გრიზუნები“ გვიწოდა. ჩვენ ძალიან მძიმედ ვრეაგირებთ ხოლმე, როდესაც გარედან ვიღაც გვაკრიტიკებს ან დაგვცინის, განსაკუთრებით რუსეთიდან. მოდი, შევხედოთ ამას მარტივად. ნავალნი არის პოლიტიკური ფიგურა და მშვენივრად ხვდება იმას, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყირიმი უნდა იყოს რუსეთის, მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა დასჯილიყო 2008 წელს და ნავალნისაც ამის გულწრფელად სჯერა. ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი. მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს, რუსი ნაციონალისტები არიან ასეთები და ნავალნიც არის ასეთი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება დასავლეთს, შარაშენიძის შეფასებით, ნავალნი მათთვის არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვლადიმეტ პუტინზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ.

„დასავლეთის ლიდერებისთვის ნავალნი არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პუტინთან ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტი და ზეწოლის ინსტრუმენტი, რომ უთხრან - „აი, შენ გყავს პოლიტპატიმარი“. ეს იქნება საშუალება, რომ მასთან დიალოგისა და მოლაპარაკების დროს სერიოზული კოზირი ჰქონდეთ - შენ პოლიტპატიმარი გყავსო და უფრო შეავიწროვონ დიალოგის დროს. რამდენად გამოვა ეს შევიწროვება, ეს სხვა საკითხია. ის, რომ დასავლეთში საქართველოსავით ფიქრობდნენ, რომ ნავალნი მოვა და დაშლის რუსეთსო, ეს ასე არ იქნება. რუსეთის დაშლა დასავლეთში არავის არ უნდა. ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ უზარმაზარი ატომური ბირთვული არსენალია განლაგებული ამ ქვეყნის ტერიტორიაზე და დაშლა შეიძლება უარესი აღმოჩნდეს მსოფლიოსთვის, ვიდრე ახლანდელი რუსეთი. ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენც, ვიღაც-ვიღაცები მთელი დღეები სიზმარში ხედავენ, რომ რუსეთი დაიშლება. რეალურად, ეს არ შედის მსოფლიოს ჭკუათმყოფელი ლიდერების ინტერესესში, მაშინ, როცა მას უამრავი ატომური ბომბი აქვს. მე მგონი, აუცილებელი არ არის გამოხტომა ჩვენი მხრიდან და ნავალნიზე ლაპარაკი. არავინ არ გვეკითხება ჩვენ არაფერს, არაფერს ჩვენ არ ვწყვეტთ ამ შემთხვევაში და სჯობს სიჩუმე. უნდა ვისწავლოთ ხოლმე გაჩუმება მაშინ, როცა ლაპარაკს მეტი ზიანი მოაქვს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს