გიგი წერეთელი - პოლიტიკურ ჩიხს ხელისუფლების მხრიდან გონივრული შეთავაზებები აგვაშორებს

პოლიტიკურ ჩიხს უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გონივრული შეთავაზებები აგვაშორებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესსა და ოპოზიციის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი და მასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

წერეთლის თქმით, ოპოზიციურ არსენალში არსებობს მრავალი ტაქტიკური სვლა, რაც მოიცავს კანონიერი ფორმებით პროტესტსა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას, შესაბამისად, ხელისუფლებამ ორიენტაცია უნდა აიღოს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისაკენ.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში იქნება უფრო მეტი ინფორმაცია და მასთან ერთად იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. მთელი ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს თავად გადაწყვეტილება და არ იმეორებდეს ჯიუტად ერთი და იმავეს. ოპოზიციას აქვს თავისი გაცხადებული მოთხოვნები, ეს პაკეტი არ იცვლება. შესაბამისად, თუ არ იქნება კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები და რა იქნება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაშინ, ეს პროცესი შევა ჩიხში.

იმედი მაქვს, რომ საღი აზრი არსებობს და ყველასთვის ნათელია, რომ ეს პროცესი ასე ვერ გაგრძელდება. ამას სჭირდება განმუხტვა. შესაბამისად, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან გონივრული წინადადებები უნდა წამოვიდეს, რაც მოიტანს უფრო საინტერესო დისკურსს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ოპოზიციურ არსენალში ყოველთვის არსებობს რაღაც ტაქტიკური სვლები, ეს არის პროტესტი და სხვა კანონიერი ფორმების გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლა. ერთპარტიული პარლამენტი საკმაოდ აზიანებს საქართველოს იმიჯს და მის მომავალ ამოცანებს, ამიტომ, ამისკენ უნდა იყოს ორიენტაცია აღებული. იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდში იქნება უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისად, ოპოზიციაც ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე ღიად ისაუბრებს,“ - განაცხადა წერეთელმა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს