გია ხუხაშვილი - „ევროპული საქართველო“ ერთი 3%-იანი პარტიაა და ბოკერიამ რაც უნდა, ის ქნას, მაგრამ მთელი პოლიტიკური ელიტა ნუ ჩაყვება ამ თამაშში, ცოტა მეტი იფიქრონ

რა მოყვება ამ აქციებს? ილუზიაა ეს. ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლონ! - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საპროტესტო აქციებისთვის მომზადების შესახებ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებულ შეკითხვას.

ხუხაშვილის აზრით, ოპოზიციას პროცესის საპარლამენტო ფორმატში გადატანის გზა უფრო მიიყვანს ახალი არჩევნების შედეგებამდე.

„იქ [პარლამენტში] პოლიტიკური ლეგიტიმაცია, პოლიტიკური წონა დაბალია. ამ დროს 40% შედის პოლიტიკური ლიდერების პარლამენტში, გაგანია სახელმწიფოებრივი კრიზისის დროს და მათ შეუძლიათ სრულად მართონ პარლამენტი და რაღაც პერიოდის შემდეგ სრულად მოახდინონ მისი პარალიზება, თუ დადებენ საბრალდებო დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს გზა აირჩიეს, ქუჩაში ყოფნის, რასაც არ ვეთანხმები. დღეს კრიზისის გადალახვა შეუძლებელია, მათ უნდა აერჩიათ კრიზისის საპარლამენტო ფორმატში გადატანის გზა, იქ წაყვანა გარკვეული პოლიტიკური პროცესის. ეს გზა იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად.

რა მოყვება ამ აქციებს? ილუზიაა ეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკა მარტო პოლიტიკური კრიზისი არ არის? ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი კრიზისი მრავალგანზომილებიანი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს დეგრადაცია. ამიტომ სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქციებს დაიწყებენ თუ კუნთების თამაშს, კარგით რა?! ნაბან წყალს ბავშვი რომ გადააყოლონ? კი ბატონო, ხელისუფლება შეიძლება დაამარცხონ ბოლოში, მაგრამ სახელმწიფო რამხელა ზიანს მიიღებს, ამაზე არ უნდა ვიფიქროთ? იგივე მიზანი თუ პარლამენტის შეგნით არის მიღწევადი, რატომაც არა?! რატომ უნდა წავიდნენ ან ყველაფერზე ან არაფერზე?“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელიც აღნიშნული არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს, ხუხაშვილის აზრით, პოლიტიკური ელიტა „3 %-იან პარტიას თამაშში არ უნდა ჩაყვეს“.

„კი ბატონო, ბოკერიას გადასაწყვეტია, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი 3%-იანი პარტიაა. რაც უნდა ის ქნას, მაგრამ მთელი პოლიტიკური ელიტა ნუ ჩაყვება ამ თამაშში, ცოტა მეტი იფიქრონ. იგივეს ვლაპარაკობ რასაც ალეკო, მაგრამ არავის ვლანძღავ. გიგა ბოკერიას აქვს პოლიტიკური წონა პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ მას არ აქვს ელექტორალური წონა. საბოლოო ჯამში, არჩევნებში ელექტორალური წონა წყვეტს ყველაფერს. თუ ის არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამით ბევრს არც არაფერს წააგებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, თავის მხრივ, ხელისუფლებისთვის კარგი პოლიტიკური ინსტრუმენტია ალეკო ელისაშვილი და და ლევან იოსელიანი, რომ ოპოზიციურ ერთობაში „ტროას ცხენი შეუშვან“.

„თუ მოახერხებენ, რომ „ტროას ცხენი“ აამუშაონ, ის ბევრად უფრო ეფექტურად გადაწყვეტს ამოცანებს, ვიდრე შტურმით აღება. ამიტომ ეს არის ერთგვარი „ტროას ცხენი“ ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანს [ალეკო ელისაშვილს] სიბრიყვით მოსდის ეს და პირადად მარტო უბიწობის დაკარგვა არ უნდა და უნდა კოლექტიურად დაკარგონ უბიწოება მისმა „დაქალებმა“, „დაქალები“ კი ამაზე უარს რომ ეუბნებიან, ძალიან ბრაზდება და ამაზე რეაგირებს. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის ანტიგმირია საზოგადოებაში, ასოცირდება ბანკირთან და მევახშეობასთან. შესაბამისად, საზოგადოების ამ ნაწილის გაგებით თუ მევახშეს ვინმე შეუტევს, ის ჯიგარია. პლუს, ტროლები ამას „აფითილებენ“ და ბერავენ ტყუილებით. ალეკო ელისაშვილი რომ გამოვიდა და თქვა სხვები რატომ არ შემოდიან, გამოვალ და ყველაფერს მოვყვები ტუალეტში თუ სამზარეულოში ვინ რაზე ლაპარაკობდაო, ეს ხომ უღირსი საქციელია? დავანებოთ თავი პოლიტიკას, ადამიანურად, კაცურად საოცრებებს აკეთებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიტენტის ადმინისტრაციისთვის იქნება მოსაწონი.

„ვფიქრობ, ის მმართველობის სტილი და მოდელი, რაც საქართველოშია დამკვიდრებული გლობალური პოლიტიკის გაგებით არის უცხო სხეული. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლებისთვის ბაიდენი არაკომფორტული იქნება, მითუმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთლიანად ვერ მოახერხა ამ პროცესისგან დისტანცირება. ჩვენსკენ რომ გამოიხედავს ამერიკა, ისინი იმის ძიებას კი არ დაიწყებენ, რომ ოპოზიცია ცუდად მოიქცა, ალეკომ ის გააკეთა და ხაზარაძემ ეს გააკეთა, ისინი შეხედავენ საქართველოს როგორც ერთპარტიულ ვითარებას, რაც წარმოუდგენელია, ნონსენსია დასავლური დემოკრატიული გაგებით. ბუნებრივია, ხელისუფლებას შეექმნება სერიოზული პრობლემები. მითუმეტეს, პრეისტორიიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები ისევ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა მიუხედავად იმისა, ის წავიდა თუ არ წავიდა შესაბამისად, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება საკუთარი სტერილურობის ახსნა სახელმწიფოს მართვაში. ამიტომ ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა