გოჩა ლორთქიფანიძე - ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი გამოძევებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახის ცხოვრების დაცულობის უფლებები.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისათვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. აღნიშნული მკვლელობების გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას. რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან და ეს არის 38-ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს სახელმწიფოსგენ განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელიწადი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს