მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან არამხოლოდ ელისაშვილის პარტიასთან დავსხდეთ, არამედ ყველა იმ პარტიასთან, ვინც ოდნავ კონსტრუქციულობას გამოიჩენს

მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან არამხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტიასთან დავსხდეთ, არამედ ყველა იმ პარტიასთან, ვინც ოდნავ კონსტრუქციულობას გამოიჩენს და რომლის რეალური მიზანი იქნება შეთანხმება და არა არევა და ქაოსი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძე ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ოპოზიციასთან შეხვედრებისას გახმოვანებულ ყველა პირობაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

"არამხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეებთან", არამედ როგორც ადრე, ასევე დღესაც მზად ვართ, შეხვედრები ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში ვაწარმოოთ და პასუხისმგებლობა ნებისმიერ დეტალზე ავიღოთ, რაზეც დახურულ თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით. მზად ვართ, განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმ დეტალების მითითებით, რაზეც ოპოზიციასთან ერთად შეხვედრებზე ვსაუბრობდით. შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ჩვენ ამაზე შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ", - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ციხიდან პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, რაც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მდინარაძემ განაცხადა, რომ ამაზე არანაირი შეთანხმება არ იქნება, რადგან ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. სწორედ ამ კონტექსტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე დღეს გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ აბსურდულია ოპოზიციის მესიჯი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ.

რაც შეეხება ცესკოს არსებული შემადგენლობის დაშლის და მისი ახალი წესებითა და შემადგენლობით დაკომპლექტების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას, მდინარაძის თქმით, როცა საქმე პერსონიფიცირებას ეხება და საუბარია ამა თუ იმ თანამდებობის პირის სახელსა და გვარზე, არ შეიძლება ეს შეთანხმების საგანი გახდეს.

"რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, ჩვენ დეტალებში არ ჩავდივართ. ამ პირობას ოპოზიციაც იცავს. სრული მზაობა გვაქვს იმ პირობაზე, რომელიც ჩვენ შეთანხმების მაგიდასთან დავდეთ. საარჩევნო რეფორმის მთელს პაკეტზე ურთიერთობას ნებისმიერთან გავაგრძელებთ - საარჩევნო რეფორმის თაობაზე პრაქტიკული შეთანხმება შემდგარია და მზად ვართ, რეფორმა განვახორციელოთ. ასევე მზად ვართ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მოვიწვიოთ და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის შემთხვევაში, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ ", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს