ალეკო ელისაშვილი - გვინდა „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა საჯაროდ, კამერების თანდასწრებით - თუ ვერაფერზე შევთანხმდებით, პარლამენტში არ შევალთ და ბრძოლას  ოპოზიციის გარეშე, მარტო გავაგრძელებთ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვედრას სთავაზობს.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მას ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს.

ელისაშვილმა კიდევ ერთხელ დაასახელა ის წინადადებებიც, რომელზე თანხმობასაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ითხოვს. ამასთან, მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შედგეს შეთანხმების დოკუმენტიც, რომელსაც ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ადგილზე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც იქნებიან.

„ჩვენ დღეს „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ. ძალიან დიდი დრო გავიდა მეოთხე რაუნდის შემდეგ. გვინდა შევხვდეთ, რა თქმა უნდა, საჯაროდ. ხალხთან დასამალი ჩვენ არაფერი არ გვაქვს. კამერების თანდასწრებით გვინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ შევხვდეთ და განვიხილოთ ის 4 პუნქტი, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზე იყო, რასაც ითხოვდა ოპოზიცია და რაც მერე მიავიწყდათ და აღმოჩნდა, რომ ზოგისთვის არაფერს წარმოადგენდა. ჩვენ გვინდა, ვკითხოთ რა მზაობაა ამასთან დაკავშირებით და დეტალურად გავიაროთ ოთხივე პუნქტი.

ჩვენთვის რამდენიმე საკითხი არის პრიორიტეტული. პირველ რიგში, ეს არის პოლიტპატიმრები, შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არჩევნებთან დაკავშირებით და თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ეს არის პრინციპული საკითხი. ნუ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას, გამოუშვან მთავარია. გასაგებია, რომ ისინი ამას ფორმალურად არ აღიარებენ, მაშინ უნდა აღიარონ, რომ სასამართლო არ არსებობს და ამას თვითონ ხელისუფლება ვერ იტყვის. ჩვენთვის მთავარი არ არის ფორმალური დათქმები, მთავარია, რომ ეს ხალხი იყოს გარეთ.

მნიშვნელოვანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, რაზეც ფორმულა შევთავაზეთ ოპოზიციას და ყური არავინ შეიბერტყა. ეს იყო შემდეგი - თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ყოფილიყო ერთგვარი პლებისციტი. თუ ოპოზიცია ჯამურად მოიგებდა თვითმმართველობის არჩევნებს, მაშინ 2022წელს ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო. ამ ფორმულაზე გვაინტერესებს „ქართული ოცნების“ პასუხი“.

ჩვენ მმართველ გუნდს საჯაროდ მივმართეთ, საჯარო დასტური მივიღეთ. ალბათ, ახლა ჩავნიშნავთ შეხვედრას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად უშვებს შესაძლებლობას, რომ მმართველი გუნდი მის მიერ დასახელებულ წინადადებებზე უარს ეტყვის, ის პარლამენტში არ შევა და როგორ გააგრძელებს ბრძოლას ამ შემთხვევაში, ელისაშვილის თქმით, პოლიტიკური ბრძოლა ოპოზიციის გარეშე, მარტო გაგრძელდება.

„თუ "ქართულ ოცნებასთან" ვერაფერზე შევთანხმდებით, იქ ვიქნებით, სადაც ვართ, დავიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს და პარლამენტში ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ შევალთ...

[მარტო ყოფნა] ჩვენთვის არანაირი პრობელმა არ არის. საკრებულოში 50 კაცის წინააღმდეგ ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი, მარტოდ მარტო, არანაირი პრობლემა არ მქონდა, არც მეშინოდა და მე ვიცოდი, რასაც ვემსახურებოდი - ვემსახურებოდი ხალხს, ქალაქს და არც ახლა არაა პრობლემა სად ვიქნებით, იმავეს ვაპირებთ. ბრძოლას მარტო გავაგრძელებთ, ხალხის სამსახურში ვართ. ხალხი ხმას რომ გვაძლევდა, ჩვენ პარტიას აძლევდა და არა იმას, „თქვენი პარტია რომ კიდევ ვიღაცასთან იქნება და ვიღაცას აზრს კითხავს“ - ასეთი რამ არ ყოფილა.

ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი გამოგვეგლიჯა ხელიდან. ვიღაცებმა ფორმალურად თქვეს, რომ ვითომ ეს ოთხი საკითხი აინტერესებდათ. საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი, ზოგს რევოლუცია უნდა, ზოგს არეულობა უნდა. რა ვქნა, ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ გადაცემა "დღის ნიუსრუმის" სრული ვერსია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს