გენადი არველაძე - ვქმნით დამატებით პროგრამულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესში უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის შესაძლებლობები გვქონდეს

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც, ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ დეტალურად განიხილეს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შესაძლებლობები და მის წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

დისკუსიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა.

„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ტექინსპექტირების ცენტრებს გავაცანით ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრმა. აღნიშნული პლატფორმის პრეზენტაციის ფარგლებში ძალიან საინტერესო მიმართულებები გამოიკვეთა, დაფიქსირდა აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული მოსაზრებები, რაზეც უკვე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება მსჯელობა, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ფარგლებშიც", - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული პროგრამის შექმნა, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას და ყველა აუცილებელი ინფორმაციის ერთიან სივრცეში თავმოყრას.

„IT პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ და გვქონდეს ერთიანი ბაზა როგორც ცენტრების მიერ განხორციელებული ინსპექტირებების, ასევე პროგრამა იძლევა სხვადასხვა ანგარიშებისა და მონიტორინგის წარმოების შესაძლებლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს რეფორმა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და უფრო მეტად წარმატებული გახდეს და რეალურად, უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის მექანიზმები გვქონდეს", - განაცხადა გენადი არველაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს