ლევან ბოძაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა იურიდიული საფუძველი, საქართველოს წინააღმდეგ ქმედებების გამო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თვალსაზრისით

სტრასბურგის გადაწყვეტილება მართლაც არის სამართლებრივი გამარჯვება რუსეთზე აგვისტოს ომის აგრესიისა და ოკუპაციის პასუხად, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით არა მხოლოდ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ეთნიკური წმენდა დადასტურდა, არამედ გაჩნდა სამართლებრივი საფუძველი შემდგომი პოლიტიკური წარმატებებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.

„ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სამართლებრივად დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, გაძლიერდა საქართველოს პოზიციები არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის თვალსაზრისით და შეიქმნა იურიდიული საფუძველი რუსეთის მიმართ პოტენციური სანქციების დაწესების თვალსაზრისით სწორედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო. რუსეთს მოუწევს მნიშვნელოვანი კომპენსაციის გადახდა ჩადენილი დანაშაულებებისათვის ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ამ საქმის სამომავლო პოლიტიკური შედეგები გაცილებით მაღალი იქნება. ამიტომაც, ახლა აუცილებელია შემდგომი სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯების კარგად გაწერილი გეგმის შემუშავება, ბევრი რამ სწორედ ახლა იწყება.

ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გამოაჩინა, დიდი პრობლემების მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო შედგა და მან შეძლო სამართლებრივი პასუხის გაცემა აგრესორისთვის.

ამ გადაწყვეტილებას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოს სხვა საქმეებზეც, რომელთაც სტრასბურგის სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავს და ასევე რუსეთის აგრესიის სხვა მსხვერპლი ქვეყნების მიმართაც, უკრაინის 5 საქმეა ამ ეტაპზე განხილვის ქვეშ სტრასბურგის სასამართლოში და ამ საქმეების ბედზეც ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს.

ამავე დროს, გადაწყვეტილებას ერთვის ქართველი მოსამართლის, ლადო ჭანტურიასა და სხვა მოსამართლეების განსხვავებული აზრი, რომელიც გარკვევით და სრულად ასახავს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის უმრავლესობის სამართლებრივად არასწორ მიდგომას, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთის პასუხისმგებლობა ეფექტური კონტროლის განხორციელებაზე არ უნდა გავრცელდეს.

ფაქტი, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ამ გადაწყვეტილების მიღება პირადად და პარტიულად მიიწეროს, გასაკვირი არ არის, თუმცა პოლიტიკურად ამორალურია, რადგან ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და ბევრად მეტია, ვიდრე ვიწროპარტიული ინტერესი. ასეთი წარმატებები ვერ მიიღწევა კვალიფიციური საჯარო და სახელმწიფო მოხელეების დიდი ძალისხმევის გარეშე, პოლიტიკოსები არაფერს წარმოადგენენ კვალიფიციური და სისტემური საჯარო კადრების გარეშე და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წყლის ნაყვაა თუ მათ კვალიფიციური ხალხი არ ახორციელებს. ამიტომაც, მადლობა ამ საქმისთვის პირველ რიგში, სწორედ იმ ხალხს ეკუთვნის, რომელიც ჩუმად მუშაობდა ამ საქმეზე, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ასევე გოჩა ლორთქიფანიძეს და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს საქმე თავდაუზოგავი შრომით ბოლომდე მიიყვანეს, მათ შორის იმ ქართველ დიპლომატებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართული იყვნენ ამ საქმის წარმოებაში სხვადასხვა დროს“,- აცხადებს ბოძაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს