სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლოში და ხელისუფლებამ ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი გააქტიურდეს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ასევე, მნიშვნელოვანია სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს კონკრეტული განმარტება, აპირებს თუ არა, აღნიშნული სამართლებრივი დავის გაგრძელებას.

„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც მან დაადასტურა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომ ის ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე და დაადასტურა, რომ იქ მიმდინარე ყველა დარღვევაზე, იქნება ეს სიცოცხლის მოსპობა თუ ადამიანის უფლებების სხვა დარღვევა, პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია. ეს უკვე სამართლებრივად არის დადასტურებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს გაგრძელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს შედეგი, რომელიც სტრასბურგმა დააყენა, გამოყენებული იყოს სხვა ფორუმებზე. ეს გადაწყვეტილება იძლევა შესაძლებლობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ გააქტიურებული იყოს სანქციების თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გააქტიურდეს ადრე მიღებული რეზოლუციები, რომლებიც სწორედ ამ საკითხს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ცალკე მინდა, რომ აქცენტი გავაკეთო, არის საქართველო-რუსეთის დავა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში. დავა, რომელიც თავის დროზე დაიწყო წინა ხელისუფლებამ 2008 წელს. 2011 წელს მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განიხილავდა შინაარსობრივად ამ დავას გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უნდა გამოეყენებინა კონკრეტული კონვენციის ფარგლებში დავების გადაჭრის მექანიზმი და ეს საკითხი შემდეგ დაუბრუნა უკან საქართველოს 2011-2012 წლებში. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სცადა რუსეთთან დიალოგი, რომ დევნილების დაბრუნების საკითხზე ეს მექანიზმი ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მათ ეს მცდელობები შეაჩერეს. ჩვენ ახლა გვრჩება მცირე დრო, სულ რამდენიმე თვე, რომ ეს საკითხი უკან დაუბრუნდეს მართლმსაჯულების სასამართლოს. ჩვენ ახლა მივმართავთ ხელისუფლებას, რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტება, აპირებს თუ არა, ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ, დააბრუნოს მართლმსაჯულების სასამართლოში და ასევე, კონკრეტული ახსნა უნდა მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით, ეს პერიოდი რატომ არაფერი არ გააკეთეს, არ გამოიყენეს არსებული მექანიზმები, რატომ შეწყვიტეს დიალოგი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ახლა რამდენად შეუქმნა ამ შეწყვეტილმა პროცესმა მართლმსაჯულების სასამართლოში დაბრუნების საკითხს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, რუსეთმა „ძალიან მძიმე საერთაშორისო სამართლებრივი მარცხი იგემა“.

ამასთან, კაპანაძის თქმით, ეს გამარჯვება არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ამ საქმეს იცავდა სტრასბურგში.

„ამაში დიდი მონაწილეობა მიიღო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაშინ მომზადდა ეს სარჩელი, მაშინ იქნა მასალების უდიდესი ნაწილი სტრასბურგში შეტანილი და ამ ხელისუფლების დროს კონკრეტულმა საჯარო მოხელეებმა გააგრძელეს, დაამატეს მასალები და მიიღეს მონაწილეობა განხილვებში. ეს ცალკე აღებული, არცერთი ადამიანის დამსახურება არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი იდგა ამ გადაწყვეტილების ზურგს უკან და უნდა ვაღიაროთ ყველა მათგანის წვლილი. ახლა არ არის იმის დრო, დავიწყოთ ხელის გაშვერა, რომ ამის ბრალია და იმის დამსახურებააო. არ არის ამის დრო ამ კონკრეტულ მომენტში“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს