„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ჯელალ ქიქავამ სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე ბათუმში მომხდარი ფაქტის დაგმობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ.

ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს მიმართა, „გზა დაუთმონ მათ, ვისაც ბრძოლა სურთ“.

ქიქავას აზრით, სამადაშვილსა და გოცირიძეს ბრძოლა აღარ სურთ.

„ძალიან შეწუხებაა „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი VIP წევრისგან. იცით, რა მინდა შეგახსენოთ თქვენ, ქალბატონო სალომე და ბატონო გოცირიძე? როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი დაიჭირეს, რომელმა წამოწიეთ ერთი ადგილი და მოიკითხეთ, ერთმა მაინც მითხარით. თქვენ უკვე უნდა წახვიდეთ და უნდა დაისვენოთ. მიეცით გზა მათ, ვისაც ბრძოლა უნდა. თქვენ არ გინდათ ბრძოლა. ეს არ იყო პოლიტიკურ ოპონენტზე განხორციელებული თავდასხმა, ოდითგანვე საქართველოში მოღალატეს ლაფს თავს ასხამდნენ, ჩვენ მას ლაფი დავასხით თავზე და ეს ირაკლი ფანგანმა შეასრულა. ეს იყო ჩემი დაანონსებული და ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ, არ მაქვს ამის პრობლემა. ეს ბიჭი არის გმირი“,-განაცხადა ქიქავამ.

მან სალომე სამადაშვილს მიმართა, პოლიტიკურ პროცესს გაერიდოს. ქიქავას აზრით, ბათუმში მომხდარი ინციდენტი „იმის მაგალითი იყო, როგორ ექცევიან მოღალატეებს“.

„დატოვოს პარტია, მასეთებმა უნდა დატოვონ, ან გაიწიონ, ან ბოდიში უნდა მოიხადონ. ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის. 57 წლის კაცი 3 თვეა ქუჩაში ვდგავარ იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბეს და ვეომებით ხელისუფლებას. ეს რაღაცას გმობს. ყველამ თავისი თავი დაგმოს. ეს არის ჩვენი ბრძოლის წესი, ეს არის ყველასთვის მაგალითი, თუ რა არის მოღალატის ფასი. ჩვენ არ ვერჩით „ქართული ოცნების“ წევრებს და არ დავსდევთ მას ქუჩაში. ჩვენ არ მოგვიძებნია ის (ირაკლი ჩავლეიშვილი), თავად მოგვძებნა და დაგვემუქრა, ვინ ლაჩრები ხართ, რისი გამკეთებლებიო“,-განაცხადა ქიქავამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და ამ ბრძოლას მოვიგებთ. ყველამ იცოდეს, რომ ბოლომდე მივალთ. ერთი რამ იცოდეს მთელმა საქართველომ, ჩვენ არ ვართ კანონდამრღვევები, არ ვართ მოწადინებული იმისთვის, რომ ვიძალადოთ. პოლიტიკურ ოპონენტებს თავს არ დავსხმივართ. ისინი გვესხმოდნენ თავს, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებთ და გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ“,-განაცხადა ქიქავამ.

მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილს ნამუსი აღარ აქვს. „ეს საჭირო იყო. არის კანონები, რომელიც არსად იწერება, მაგრამ მიღებულია. მოღალატემ უნდა მიიღოს. ჩვენ მას ნამუსი შევულახეთ, რომელიც აღარ აქვს“,-განაცხადა ქიქავამ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის დევნის ბრალდებით დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა