გიორგი ბარამიძე NDI-ის კვლევაზე - როცა მოქალაქეებს ტელეფონით ურეკავენ, უბრალოდ არ ამბობენ, რეალურად ვის უჭერენ მხარს - ეს ასახავს შიშს, რომელიც ქვეყანაშია დასადგურებული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე „საზოგადოებაში დასადგურებულ შიშს“ უკავშირებს იმფაქტს, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, მათი პარტია საკუთარ შეხედულებებთან ახლოს მდგომ ძალად რესპონდენტთა მხოლოდ 5 %-მა დაასახელა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„ადამიანებს ტელეფონით ურეკავენ და ეკითხებიან „ვის უჭერ მხარსო“, ეს ადამიანები იძულებული არიან ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციების, დაშინების, სუს-ის, პროკურატურის და მათ შორის, ქურდული სამყაროს გამოყენებით უპასუხონ ის, რაც მას თავის სატკივარს აარიდებს. აქედან გამომდინარე, ტელეფონით როცა ვიღაც ურეკავს, უბრალოდ არ ეუბნებიან, თუ ვის უჭერენ მხარს ან საერთოდ, შეიძლება შეტრიალებულად ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რადგან მათ არანაირი შარი არ შეხვდეთ. ეს არის ნათელი და მკაფიო დადასტურება იმისა, რა უმსგავსობებიც და ძალადობის სერიებიც ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ჩაატარა. შეუძლებელია, როდესაც ადამიანები არჩევნებზე პირადად მოდიან და ფარულად აძლევენ ხმას, იქ პარტიას 30% ჰქონდეს ხმა და სატელეფონოში 5%. ეს ასახავს იმ შიშს, რომელიც ქვეყანაშია დასადგურებული. მიუხედავად გაყალბებებისა და იმ ცილისმწამებლური კამპანიისა, არჩევნებმაც აჩვენა, რომ ოპოზიციას 60% უჭერს მხარს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხმების მაქსიმუმ 40% მივაკუთვნოთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძე გამორიცხავს, რომ კვლევის შედეგების მიზეზი ის გარემოება იყოს, რომ ამომრჩევლები ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გადაწყვეტილებას არ იწონებენ. მისი აზრით, საზოგადოების დამოკიდებულება ოპოზიციის ბოიკოტის მიმართ აბსოლუტურად ნორმალურია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არცერთი პარტია არ დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო