ირაკლი ხმალაძე - თბილისის მუნიციპალიტეტი მუდმივად თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან კორუფციული დარღვევების მიმართ პრევენციული ღონისძიებების თუ გამოვლენის მიზნით

თბილისის მუნიციპალიტეტი მუდმივად თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან კორუფციული დარღვევების მიმართ პრევენციული ღონისძიებების თუ გამოვლენის მიზნით, შესაბამისად, ყველა ასეთი ქმედება, რომელიც განიმარტება, როგორც კანონის დარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება, გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე იმყოფება ეს თუ ის თანამდებობის პირი.

„ერთხელ და ორჯერ არ ყოფილა, რომ ჩვენ და თვითონ კახა კალაძეც მოუწოდებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სიფრთხილისკენ.

ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში მაღალი თანამდებობის პირის მიერ კორუფციულ გადაცდომას, რაზეც ჩატარებული ღონისძიების შედეგად მოხდა სამართლებრივი ზომების მიღება. მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი მუდმივად თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან კორუფციული დარღვევების მიმართ პრევენციული ღონისძიებების თუ გამოვლენის მიზნით, შესაბამისად, ყველა ასეთი ქმედება, რომელიც განიმარტება, როგორც კანონის დარღვევა და გადამეტება უფლებამოსლების, გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე ვიმყოფებით, რა უფლებამოსილება გვაქვს და რა ძალაუფლებას ვფლობთ. ყველას გვეკისრება მოვალეობა დავიცვათ ის მოვალეობები, რაც კანონის ფარგლებში გვაკისრია ჩვენი დებულებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთ შემთხვევებში მუნიციპალიტეტი იქნება სადარაჯოზე და სამართალდამცავებთან ერთად მიმართავს ყველა საჭირო ზომას“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა