„ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
ვიცე პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა.
„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა.