პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რომელსაც ტოივო კლაარმა მაღალი შეფასება მისცა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გამოხმაურების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა ტოივო კლაართან შეხვედრისას განიხილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი მძიმე ვითარება და ასევე, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტოივო კლაართან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივება დადებითად შეაფასა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა ევროკავშირის მხრიდან კოვიდსოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინის დროულად მოწოდების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარეებმა ისაუბრეს კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რეგიონულ საკითხებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე",-აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა