ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პროცესის გაწელვა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა, „ქართული ოცნებისთვის“ „ყველა ვარიანტში პოლიტიკურად წამგებიანი იქნება“

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პროცესის გაწელვა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე უარის თქმა, „ქართული ოცნებისთვის“ ყველა ვარიანტში პოლიტიკურად წამგებიანი იქნება.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პროცესის გაწელვას ოპოზიცია გამოიყენებს და მუდმივად იქნება ლაპარაკი, რომ „ქართულ ოცნება“ ეშინია ერთპარტიული პარლამენტის.

მისივე შეფასებით, თუ ოპოზიციის მსგავსად, ეს აზრი გაჩნდება საზოგადოებაშიც, ამას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოება უკან დახევად მიიღებს. არადა, ძაბირაძის თქმით, „საზოგადოებას სჭირდება არა უნიათო ხელისუფლება, არამედ ისეთი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს“.

„პარლამენტმა შეიძლება გააკეთოს ასე, რომ ნაწილს შეუწყვიტოს უფლებამოსილება, ნაწილს - არა, ანუ დაიწყონ პროცესი და ცოტა გადავადება მოხდეს. მაგრამ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება არა მგონია, მთლად სწორი იყოს სამართლებრივად. კენჭი კი უნდა უყარონ, მაგრამ უფრო ცნობად უნდა იყოს მიღებული ეს საკითხი, ვიდრე დადგენილება და გადაწყვეტილება მიიღონ. რაც შეეხება პროცესის გაწელვას, თავიდან ითქვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის საშემოდგომო სესიიდან საგაზაფხულო სესიამდე გადადება ფასილიტატორი ელჩების თხოვნააო, შესაძლოა ეს თხოვნა ახლაც არის. თუ კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას რომ ეს პროცესი გაჭიმონ, გაჭიმავენ. მაგრამ პროცესის გაწელვა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსიების შეწყვეტის საკითხზე უარის თქმა „ქარული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად წამგებიანი იქნება ყველა ვარიანტში. თუ გარანტია არ გაქვს, რომ კონკრეტული დეპუტატი, თუ მას უფლებამოსილებას არ შეუწყვეტ, გარკვეული დროის შემდეგ პარლამენტში შემოვა, მაშინ ჯობს დღესვე შეუწყვიტო და დაასრულო ეს პროცესი. ამას ოპოზიცია გამოიყენებს იმისთვის და მუდმივად იქნება ლაპარაკი, რომ „ქართულ ოცნება“ ეშინია ერთპარტიული პარლამენტის. თუ ეს პროცესი გაიწელება, ოპოზიციის მსგავსად, ეს აზრი გაჩნდება საზოგადოებაშიც. ამას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოება უკან დახევად მიიღებს, არადა, საზოგადოებას სჭირდება არა უნიათო ხელისუფლება, არამედ ისეთი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. არ ვიცი კულუარებში რა ხდება, მაგრამ თუ კატასტროფული და ძალიან მკაფიო ზეწოლა არ არის ხელისუფლებაზე პარტნიორების მხრიდან, მე რომ ვიყო მათ ადგილზე, ეგრევე შევუწყვეტ უფლებამოსილებას ყველას“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, „დღეს ოპოზიცია ქუჩაშია და მარტოა, ხელისუფლებას კი ჰყავს პარტნიორები და მათი მხარდაჭერა აქვს“.

„თუ ეს ბალანსი შეიცვლება და პარტნიორების მხარდაჭერას ოპოზიცია მიიღებს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება. ამიტომ აზრის დამკვიდრება საზოგადოებაში, რომ პარტნიორი ქვეყნები მხარს ოპოზიციას უჭერენ, არის წამგებიანი „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ ვამბობ, თუ არ არის პრინციპული მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეუწყვიტოს დეპუტატებს უფლებამოსილება, მაშინ უნდა შეუწყვიტოს და დაასრულოს ეს გაუგებარი პროცესი.

არა მარტო დღეს, პროცესს რასაც ვაკვირდები - ხელისუფლების, ოპოზიციისა და პარტნიორების ურთიერთობას, სამწუხაროდ, ჩვენთვის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ქართული საზოგადოების აზრს, არამედ იმას, თუ რა პოზიციას დაიჭერენ პარტნიორი ქვეყნები. ამიტომ თუ რაიმე ზეწოლაზეა საუბარი ხელისუფლებაზე, ეს არის არა დაანონსებული აქციები, ან გაზაფხულის რევოლუცია და ა.შ. არამედ, პარტნიორი ქვეყნების პოზიცია. ეს ასეც რომ არ იყოს, ოპოზიცია შეეცდება ასე წარმოაჩინოს - ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა აიძულეს ხელისუფლება რომ გადადონ კიდევ ერთხელ მანდატების შეწყვეტის საკითხი. ამას თან დაერთვება ისიც, რამდენად შეესაბამება ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობას. ყველა მიმართულებით პოლიტიკურად ეს პროცესი ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნება. ერთადერთი ვარიანტია, რომ დაიწყონ უფლებამოსილებების შეწყვეტა არა ერთდროულად, ერთ სესიაზე, არამედ გაწელონ პროცესი იმ იმედით, თუ იქნება სუსტი წერტილები და ერთი ან ორი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მესამე დეპუტატი ხვალ და ზეგ პარლამენტში შევა. ეს სცენარი შეიძლება გათამაშდეს. კითხვებს ესეც გააჩენს, მაგრამ არა ხელისუფლების მიმართ, არამედ იმ დეპუტატის მიმართ, ვისაც არ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. ესეც შეიძლება გარკვეული მექანიზმი იყოს რაღაც პროცესებისთვის. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მეთოდი მორალურად არ მიმაჩნია“, - განუცხადა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, ოპოზიციის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ აქვთ. სავარაუდოდ, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება და თავისუფალი კენჭისყრა შედგება.

სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს. 28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს