ლონდა თოლორაია - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი უსაფრთხოების მიზნით საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ მუშაობა გასაგრძელებელია

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების სენსიტიურობის, მათი დაცვის მნიშვნელობისა და პანდემიის პირობებში აღნიშნული საკითხის კიდევ უფრო პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია გამართა.

როგორ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გაიმართა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა, მოწვეულმა ექსპერტმა თამარ ქალდანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ლორა ბერგერმა გახსნეს.

„ღონისძიებაზე, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, განხილულ იქნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ცალკეული ფაქტების შესწავლისას გამოვლენილი ტენდენციები, ამ სფეროში არსებული გამოწვევები, სამსახურის სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. 2020 წელს პანდემიით შექმნილმა ვითარებამ გაზარდა ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების დამუშავების პროცესები. ორგანიზაციების წინაშე გაჩენილმა ახალმა გამოწვევებმა დაჩქარებულ რეჟიმში ახალი ელექტრონული პროდუქტების შექმნისა და დანერგვის საჭიროება გააჩინა. ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდებოდა სამართლებრივი აქტები, რომლებიც ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების დამუშავებასა და სხვადასხვა დაწესებულებებს შორის მათ გაცვლას გულისხმობდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩართული იყო აღნიშნულ პროცესებში, როგორც წინასწარი კონსულტაციის ფორმით, ასევე შემდგომში მონაცემთა დამუშავების პროცესების მონიტორინგის გზით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და ასევე, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის - ჯანდაცვის დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, კერძო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების დამუშავების კანონიერების მიზნით ჩატარებული შემოწმებები ცხადყოფს, რომ პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა სახეზე იყო ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ცალკეული შემთხვევები. სამსახურის მიერ განხილული საქმეები მოწმობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი უსაფრთხოების მიზნით საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ მუშაობა გასაგრძელებელია. გამოწვევად რჩება საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, შიდა მონიტორინგის სისტემების გაძლიერება, ელექტრონული პროდუქტების დანერგვისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის გათვალისწინება და მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება, მონაცემთა გასაჯაროების მარეგულირებელი წესების დახვეწა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად მუშაობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის მხარდაჭერით, მომზადდა კრებული, რომელიც აერთიანებს სამსახურის მიერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების თაობაზე შესწავლილ 30 რეალურ საქმეს. კრებულზე მოწვეული ექსპერტი თამარ ქალდანი მუშაობდა. კრებულში სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებთან ერთად, მოცემულია რეკომენდაციები მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის, ასევე, საერთაშორისო რეგულაციები და ანალოგიური შემთხვევებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქმეთა შესწავლის შედეგად მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებები ამ ფორმითა და შინაარსით გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. აღნიშნული კრებულის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომების გაცნობა და მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის მათთვის რეკომენდაციების შეთავაზება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებისას მათი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა ვიდეოლექცია ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე. იგი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის შეიმუშავა სპეციალური ტრენინგ-მოდული ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ტრენინგ-მოდულის ონლაინ სწავლების პლატფორმის შექმნა, რაც მას ხელმისაწვდომს გახდის პირთა განუსაზღვრელი წრისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვა და ამ მიმართულებით მუშაობა 2021 წელსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს