არჩილ თალაკვაძე - სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

მანდატები რიგგარეშე სესიაზე არ განიხილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რათა ღია დავტოვოთ კარი ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის, რათა ისინი შემოუერთდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების, საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ერთიანია - დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება შეუთავსებელია დემოკრატიასთან. თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული არგუმენტები ხელიდან გამოეცალათ და უმჯობესია, რომ მათ მანდატების დათმობასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედონ.

„ყველა მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გაითვალისწინოს საკუთარი მხარდამჭერების ნება და შევიდნენ და იმუშაონ პარლამენტში. ჩვენი სულისკვეთება ეს არის სწორედ, რომ საბოლოო ჯამში, პარლამენტმა იმუშაოს ზუსტად ისეთი სახით, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე ამ კვირაში ეწურება განცხადებების განხილვის ვადა, რომლითაც ოპოზიციამ მიმართა პარლამენტს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პლენარული სხდომა კენჭისყრის პროცედურით, რაც ნიშნავს, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, საქართველოს პარლამენტი უკვე იმსჯელებს და კენჭს უყრის ოპოზიციის მიერ შემოტანილ განცხადებებს. ამიტომ, აქამდე კიდევ რჩება დრო, რათა ოპოზიციამ გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას, ვინაიდან, მაშინ, როდესაც ეს განცხადებები შემოიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნები თითქოს ტოტალურად გაყალბდა და ნახეთ, რომ ამას ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა.

ჩვენ შევთავაზეთ საპასუხოდ გადათვლა, შევთავაზეთ ერთობლივი საგამოძიებო კომისია, შევთავაზეთ შედეგების შედარება პარალელური დათვლის მონაცემებთან, რაზეც მათ უარი განაცხადეს და შესაბამისად, ეს ბრალდება დღეს უკვე არის უსაფუძვლო. მეორე არგუმენტი, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში იქნება მარტო, მოგეხსენებათ, რომ ეს სტატუს კვო არის შეცვლილი, პარლამენტში არის უკვე ერთი ოპოზიციური პარტია და მეორე ოპოზიციური პარტია ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სულ უახლოეს დღეებში შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, ეს მოცემულობაც უკვე უსაფუძლოა და ეს მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და ამაზე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას,“- განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო